ვახტანგ ძაბირაძე: “ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები კახელ გლეხს ყველაზე ნაკლებად უნდა ჰქონდეს!“

ვახტანგ ძაბირაძე: “ხელისუფლების მიმართ  პრეტენზიები  კახელ  გლეხს ყველაზე ნაკლებად   უნდა ჰქონდეს!“

-შეიძლება თუ არა კახეთში განვითარებულ მოვლენებს ეწოდოს “კახური ბუნტი“ და მავანთა მიერ მართული სიტუაცია?  თუ კახელ მევენახეთა  “წინასართველო“  გამოსვლა ადეკვატურია?

 

-მართალია, ყურძნის ფასი არარის  ისეთი, როგორიც იყო შარშან და შარშანწინ და, აქედან გამომდინარე, ამ პროცესს ვერ შევაფასებ, როგორც  ვინმეს მიერ ორგანიზებულ პროვოკაციას  ან “მევენახეთა  ბუნტს“.

 

ჩემი აზრით,  ეს კომპლექსური  მოვლენაა, რომლითაც ვიღაცები ისარგებლებენ,   მაგრამ რამდენად  სამართლიანია  მევენახეთა უკმაყოფილება - სხვა საკითხია.   შეიძლება ითქვას, ხელისუფლების მიმართ  პრეტენზიები  კახელ გლეხს ყველაზე ნაკლებად   უნდა ჰქონდეს. სხვა საკითხია პრეტენზია ხელისუფლების  მიერ მიღებულ  გადაწყვეტილებაზე,სწორი იყო თუ არა ,  როცა,   თავის დროზე,  თეთრი ყურძენი  35 თეთრად  დაფინანსდა და შავი 15-ად.

 

-ვალდებულია თუ არა სახელმწიფო, მაღალ ფასად შეისყიდოს გლეხებისგან ყურძენი?

 

- სახელმწიფომ   განაცხადა, რასაც არ ჩაიბარებენ ღვინის ქარხნები, იმას სახელმწიფო 60 თეთრად  ჩაიბარებსო.  არ მგონია,  რომ ეს ფასი წამგებიანი იყოს (თუმცა მომგებიანიც  არ იქნება). გამოსავალი მოსავლის თვითღირებულების  დაანგარიშება  და ამის მიხედვით მანიპულირებაა. ჩემი აზრით, ზემოხსენებული  პრაქტიკის გაგრძელება კახეთთან მიმართებით გადასახედია და სხვაგვარი მიდგომები და დაფინანსებაა საჭირო. მიუხედავად ყველაფრისა, ამ ხელისუფლების  3-წლიანმა ეპოპეამ ის მოგვიტანა, რომ, გარკვეულწილად, მოსახლეობა გაღიზიანებულია.

 

 - კახელი გლეხები ყოველწლიურად აწყდებიან ამ პრობლემას, საინტერესოა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს თუ არა შემუშავებული ტრადიციული დარგების აღორძინება-განვითარების პროგრამა ან კონცეფცია?

 

-როგორც ჩანს, თავის დროზე ჩათვალეს, რომ სახელმწიფო  გლეხს  1-2 წელი თუ დაეხმარებოდა, მერე თავად დაიწყებდა გლეხი თავის მოსავალზე ზრუნვას. სამწუხაროდ,  ეს პროცესი ასე არ განვითარდა და,  რადგან წინა წლებში ვენახის გაშენება სარფიანი გახდა, ახალი ვენახები გაშენდა.

 

ჩემი აზრით,  წლის დასაწყისში, ვიდრე ასეთი პროცესები დაიწყებოდეს, ხელისუფლება ვალდებულია განაცხადოს, რას როგორ აპირებს. როცა ვამბობ, კახელი ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს პრეტენზიული-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ  ციტრუსები, ჩაი თუ  თხილი ისე არ დაფინანსებულა, როგორც მევენახეობა.  ამიტომ სამინისტრომ ოპტიმალური ვარიანტი უნდა შეარჩიოს, რადგან  აშკარაა, ასეთი  2-წლიანი  დაფინანსების შედეგად  მივიღეთ პროტესტი და არა გამართული ეკონომიკური პროცესი!!!

 

-იმოქმედებს თუ არა მეღვინეთა პროტესტი წინასაარჩევნო მარათონზე?

 

 -საინფორმაციო საშუალებებს რომ ვუყურებ, მგონია, ხელისუფლება  უფრო აქტიური უნდა იყოს თავის მოსახლეობასთან.  თვითდინებაზე მიშვებული პროცესები მასზე ცუდად იმოქმედებს.  უცნაურია,  რომ დღეს “ნაციონალები“   გლეხების  გაჭირვებაზე საუბრობენ, არადა, თავის დროზე, მათ ღვინო საკანალიზაციო მილში გაუშვეს. მოგეხსენებათ,  დღევანდელი  ხელისუფლების ერთ-ერთი  ნაკლი პიარია და ეს უნდა გამოასწოროს. ვიმეორებ, არც ერთ ხელისუფლებას  იმდენი ინვესტიცია არ ჩაუდია მევენახეობაში, რამდენიც ამ ხელისუფლებამ ჩადო,  შედეგად კი  პროტესტი მიიღო, რაც საწყენია.

 

                                    ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: