ირაკლი ღარიბაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" გლეხების გამოყენებით პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" გლეხების გამოყენებით პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს. პრემიერმა შესაბამისი განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, ყურძნის ჩაბარების ადგილებზე სიტუაცია მაქსიმალურად გააკონტროლონ და "პროვოკატორები მოაშორონ".
"მინდა მივმართო პოლიტიკოსებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ არიან პოლიტიკოსები - მათი ასეთი პროვოკაციული ქმედება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. მე ვიცი, რომ ერთ-ერთი დეპუტატი, გვარად ღვინიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იყო კახეთის გუბერნატორი და, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ღვინის კომპანიებს, რომ არ ჩაებარებინათ ყურძენი მაღალ ფასად, რა სუბსიდირებაზე იყო ლაპარაკი, იმის გამო, რომ ერთგულება დაუმტკიცოს გუბერნატორს, თუმცა არა კახეთის, არამედ - ოდესის, ჩადის რეგიონში და აქტიურობს. მინდა მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, ბატონ მღებრიშვილს - გთხოვთ მაქსიმალრუად გააკონტროლოთ ადგილზე სიტუაცია, რომ მოსახლეობას არ შეექმნას ჩაბარებაში რაიმე პრობლემა. ეს პროვოკატორები მოვაშოროთ ადგილებიდან. თუ ვინმე პროვოკატორი შეეცდება სიტუაციის დაძაბვას, თქვენ იმოქმედებთ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. ყოვლად დაუშვებელია, რომ ისეთი დისკრედიტირებული ორგანიზაცია, როგორიცაა "ნაციონალური მოძრაობა" ჩადის და 20-30 კაცის მეშვეობით, რაღაც ინტრიგანული მეთოდებით, პროვოკაციული მეთოდებით აპირებს რთველის, ძალიან პოზიტიური სურათის გაფუჭებას და მოსახლეობის დაძაბვას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გლეხებს არსებული სიტუაციის შესახებ სწორი ინფორმაცია არ აქვთ, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობის" წევრების სჯერათ.
"მე მესმის იმ გლეხების, იმ პატიოსანი ადამიანების, რომლებსაც არ აქვთ ინფორმაცია და ხდება მათი შეცდომაში შეყვანა. მათზე ახდენენ გავლენას გარკვეული ჯგუფები, ამიტომ საჭიროა მეტი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის'',- აღნიშნა ღარიბაშვილმა.