ჰამლეტ ჭიპაშვილი: „ანტიტერორისტული ომის შედეგად, მსოფლიომ რაფინირებული, უფრო აგრესიული ტერორიზმი მიიღო“
11 სექტემბერი - მსოფლიოს ახალი ისტორიის დასაწყისი - ალბათ ზოგიერთს საეჭვოდ მოეჩვენება, მაგრამ 2001 წლიდან დაწყებული, 14 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები, ამ ვერსიის მტკიცებაა. 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა არა მარტო 3000 ადამიანი შეიწირა, არამედ შემდგომ, 14 წლის განმავლობაში - მილიონობით.
რეაქციული ისლამის გამოწვევამ შესაბამისად იმოქმედა აშშ-ს მაშინდელ ადმინისტრაციასა და პრეზიდენტ ბუშზე. სისხლს მოითხოვდა შეურაცხყოფილი პირველი ქვეყნის მოსახლეობა - შეშინებული, შურისძიებით აღვსილი. ამას მოითხოვდა მსოფლიოს საზოგადოება - "თალიბების" მიერ ავღანური კულტურის ძეგლების ნგრევით გაღიზიანებული.
მაშინ არვინ ცდილობდა იმ სერიოზული პრობლემებისადმი თვალებში ჩახედვას, რამაც ხელი ჰკრა ექსტრემისტულ ისლამს საზარელი ტერაქტის განხორციელებისკენ. არვინ, მათ შორის ამერიკა, ფიქრობდა ახლო აღმოსავლეთის აბურდული პრობლემების მოგვარებას, ისრაელ-პალესტინის მრავალწლიანი დაპირისპირებისთვის წერტილის დასმას. ახლო აღმოსავლეთის მღვრიე პოლიტიკური წყალი, სწორედ ის შესანიშნავი ანკარა იყო, ამერიკას რომ უკიდგანო ხელის ფათურში ეხმარებოდა.
2001 წლის ტერაქტიდან, უნგრელი ჟურნალისტი ქალის მიერ ბავშვჩახუტებული მამაკაცისთვის ფეხის დადებამდე (ამ სამარცხვინო ვიდეო კადრებმა მსოფლიო ტელევიზიები შემოიარა) 14 წელიწადი გავიდა. ახლო აღმოსავლელი ლტოლვილებისთვის, საკვების გადაყრამდეც იმდენივე. მსგავს შეურაცხყოფას, ცინიზმს, შესაძლოა უარესსაც, არცთუ იშვიათად ვაწყდებით "ცივილიზებულ" ევროკავშირში. ვაწყდებით, მაგრამ რატომღაც გვჯერა, რომ ეს, იქ კი არა, სხვაგან, სხვა ევროპაში ხდება.
არადა, იქ, იმ "ცივილიზებულ" ევროკავშირში აქვს ყოველივე ამას ადგილი, ისე, როგორც ლტოლვილების პროდუქტების გადასაზიდ სპეციალურ ავტომანქანაში ჩაპრესვას და 6-საათიანი უჰაერო მგზავრობით, სულის ამოხდას. რა გაეწყობა, ფულს დახარბებული ევროპელები სჩადიან ამას.
დამშეულთათვის საკვების გადაყრას ერთხელ შევესწარი - კუბის უზარმაზარ ვოლიერში, ნიანგებს რომ კვებავდნენ. მეორედ ტელეეკრანზე, ოღონდ, ნიანგების ნაცვლად, ადამიანებს. რა ჰქვია ამას?! - ლტოლვილთა სიძულვილი თუ ანტიჰუმანური გრძნობების გამოვლინება?
საბედნიეროდ, იმასაც ვხედავთ, რა გულწრფელობით ხვდებიან გერმანელები (ცხადია, ერთი ნაწილი) იძულებით გადაადგილებულებს და იმასაც, რა ოპერატიულობით ჰქმნიან ბარიერებს სხვა ქვეყნები ლტოლვილთა შეტევისგან თავის დასაცავად.
"თავისუფალ", "დემოკრატიულ" ევროპაში გაჩნდა ერთმანეთისგან თავდასაცავი კედლები, მავთულხლართები, სამხედრო ნაწილები საზღვრებზე. წყალი შეუდგა შენგენის უვიზო ხელშეკრულებას, ესოდენ დემოკრატიულსა და სასარგებლოს ურთიერთთან კავშირისთვის. უსაზღვრო ევროპას - საზღვრებიანი ანაცვლებს. უპრობლემო არსებობას - ახალი თავსატკივარი, რომელიც დაიწყო და არ თავდება.
ლტოლვილობას უფრო სერიოზული რამ მოჰყვა - დაპირისპირება ევროკავშირის ქვეყნებს შორის, თვით ამ ქვეყნებში - ლტოლვილების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა დაპირისპირება, უკიდურესად ნაციონალური აზროვნებისთვის ფრთების შესხმა. დღეს, ბევრი იხენებს ბრეივიკს თანაგრძნობით და გაგებით.
"გერმანია, აფრიკას ვერ შეიფარებს", - ბრძანა მერკელმა, მაგრამ თეთრი სახლის სატელეფონო ზარის შემდეგ - შეიფარა. მერკელმა კეთილიც ინება და სირიელ ლტოლვილებთან ერთად "სელფიც" გადაიღო. გახარებული ლტოლვილები "დედა"-მერკელის სულს ფიცავენ - ყველას გერმანიაში უნდა ან სკანდინავიის ქვეყნებში. არვის - უნგრეთში, საბერძნეთში, მაკედონიაში ან ევროკავშირის შედარებით ახალ წევრ-სახელმწიფოებში.
ლტოლვილობით შეწუხებული და დაბნეული ბრიუსელი სხდომას-სხდომაზე აწყობს, მუქარით - ლტოლვილების ნაკადი ყველა წევრ-სახელმწიფოზე უნდა გადანაწილდესო. "გინდათ ევროკავშირის წევრობა - ხარკიც გაიღეთ", - ბრძანა ევროკავშირის შეფმა იუნკერმა. "ვერაო", - პასუხობს აღმოსავლეთი ევროპა, მათ შორის ბალტიისპირა ქვეყნები. მაგრამ გაუვათ უარი?
პოლონელებს ისიც შეახსენეს - "თქვენ არ იყავით, მთელს ევროპას რომ მოედეთო". პოლონეთმა დათმო. დათმობს სხვაც - ვითომ რით არის ლიტველი, ლატვიელი ან ესტონელი, ლტოლვილ სირიელზე ან ერაყელზე უკეთესი?
ლტოლვითა ნაკადი არ წყდება. ძალს ევროპის ქვეყნები და ძალს რაღაც ძალა, რომელიც შესანიშნავად დირიჟორობს ე.წ. მართვად ქაოსს - ჯერ "არაბული გაზაფხულით" და შესაბამისი ომებით, ახლა ლტოლვილობით. ერთი სიტყვით, დაპურებულ ევროპას დიდი თავსატკივარი შეექმნა, ისეთი, მრავალი წლის განმავლობაში რომ არ გადაიჭრება.
ნიუ-იორკის ტყუპი ცათამბჯენის აფეთქებიდან, უნგრელი ქალი, ჟურნალისტის მიერ სირიელი ლტოლვილისთვის ფეხის დადებამდე და წაქცევამდე 14 წელიწადი გავიდა. რა არ იყო ამ ავადსახსენებელი 14 წლის განმავლობაში - გავეშებული ამერიკის მიერ ავღანეთში შეჭრა და მრავალწლიანი ომის გაჩაღება, შემდეგ ერაყში შევარდნა, სადამ ჰუსეინის დამხობა და ჩამოხრჩობა; ლიბიის ლიდერის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ ნატოსა და ახლო აღმოსავლეთის მდიდარი ქვეყნების მისევა, მისი დამხობა და ბარბაროსული მკვლელობა; სირიის პრეზიდენტის ასადის წინააღმდეგ ომის წამოწყება, რომელიც დღესაც გრძელდება.
14 წლის წინათ მსოფლიომ პირველად ისმინა ტერორიზმის წინააღმდეგ საყოველთაო ომის თაობაზე. მანამდე კაცობრიობას სულ სხვა ომებთან ჰქონდა საქმე. მაშინ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ უსახელმწიფო მტერთან, თანაც უხილავთან, შეიძლებოდა ომი. ამდენად ჯორჯ ბუშ უმცროსის მოწოდება აბსტრაქტულად მოეჩვენა. გუშინდელი მოჩვენება, დღევანდელი რეალობაა.
დღეს, ტერორიზმს საკუთარი ქვეყანა და სახელმწიფო სტრუქტურა აქვს. სახელმწიფოს, რომელსაც "ისლამური" ჰქვია, სირიისა და ერაყის ტერიტორიები უკავია, თანაც როგორი - ნავთობით მდიდარი. "ისლამური სახელმწიფო" შიშის ზარს სცემს ყველას და არა მარტო იმათ, ვინც მის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე ცხოვრობს.
ტერორიზმთან ომმა დახვეწა ტერორიზმი, გააფართოვა მისი საზღვრები, შექმნა "სახელმწიფო", რომელიც ესპანეთიდან ჩინეთის საზღვრამდე არსებული ტერიტორიის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას ლამობს. ტერორიზმთან ბრძოლამ, უფრო სწორად ომმა, ათასობით სხვადასხვა ერის წარმომადგენელი გააერთიანა შავი დროშის ქვეშ - მათ შორის 30000 ევროპელი, აღარაფერს ვამბობ ასობით პანკისელზე, აჭარელზე, ქვემო კართლელზე.
14 წლის გაცხოველებული ანტიტერორისტული ომის შედეგად, მსოფლიომ რაფინირებული, უფრო აგრესიული ტერორიზმი მიიღო. უნებლიედ იბადება კითხვა - რამ გამოიწვია ნეგატიური შედეგი? მრავალმა ფაქტორმა, უპირველესად აშშ-ს ზედაპირულმა გადაწყვეტილებებმა, ამბიციებმა - ყოფილიყო პირველი, დღევანდელი კვერცხისთვის ბრძოლამ და ა.შ.
მაშ, რა უნდა გაეკეთებინა ტერაქტით შეურაცხყოფილ ქვეყანას? უპირველესად, დოზირებული მოქმედება. ავღანეთში სამხედრო-სადამსჯელო ოპერაციების წარმოება და არა ხანგრძლივი ომი; ერაყისთვის თავის დანებება; "არაბულ გაზაფხულზე" უარის თქმა; ლიბიაზე თავდასხმისგან, სირიის წინააღმდეგ ომისგან თავის შეკავება.
ყოველივე აღნიშნულმა ნოყიერი ნიადაგი შექმნა ტერორიზმის ფარგლების გასაფართოებლად. შეძლებდა ამას აშშ-ს ადმინისტრაცია? ცხადია ვერა! ვინაიდან ქვეყანა, რომელიც ნებისმიერი გზით, მათ შორის ტერორისტებთან ურთიერთობით, ცდილობს მოპოვებული პირველობის შენარჩუნებას - ყველაფერზე წამსვლელია.
ნიუ-იორკის ტრაგედიას არაფერი უსწავლებია მსოფლიოსთვის, მითუმეტეს პირველი ქვეყნისთვის. პირიქით, კიდევ უფრო გაააქტიურა იმათთან ბრძოლა, ვისაც მეტოქეებად მიიჩნევს, მათ შორისაა რუსეთი. მასთან ბრძოლა ახალ ფაზაში შევიდა, უკრაინაში გაჩაღებული ანტირუსული კამპანიის თვალსაზრისით.
უკრაინა, ის ფრონტის ხაზია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ შექმნილ გეგმას ემსახურება. ამ გეგმის შემადგენელი ნაწილია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ნატოს ბაზების გაფართოება, მძიმე საბრძოლო ტექნიკით აღჭურვა. ამ გეგმას მხარს უჭერს აღმოსავლეთი ევროპა - დაუფიქრებლად, ხვალინდელის გაუთვალისწინებლად.
ნატოში რუსეთის წარმომადგენლის გრუშკოს განცხადებით, ამერიკული სამხედრო იარაღი - განლაგებული აღმოსავლეთ ევროპაში და დამიზნებული რუსეთისადმი, რუსეთის უკუქმედებას იწვევს. რაც მარტივად იმას ნიშნავს, რომ რუსეთი, კონფლიქტის შემთხვევაში, სწორედ იმ ობიექტებს დაჰკრავს, საიდანაც თავდასხმას ელოდება.
მსგავს სამიზნეში აღმოჩნდა საქართველო - ნატოს სასწავლო ცენტრის, ბათუმის პორტის სახით, სადაც უაღრესად კომფორტული პირობები შეიქმნეს აშშ-ს სამხედრ-საზღვაო ფლოტის გემებმა. საინტერესოა, რა ხასიათზე დადგებოდა აშშ-ი, რუსეთის გემებს რომ ბინა კარიბის ზღვის რომელიმე ქვეყნის პორტში დაედო?
რომელ ჭკუამყოფელს მოუვა აზრი, რომ აშშ-ს სამხედრო ხომალდების სისტემატური ყოფნა შავ ზღვაში - აშშ-ს ტერიტორიიდან ათეულ-ათასობით საზღვაო მილით დაშორებულში, მშვიდობას ემსახურება? იქნებ ომს, რომელსაც ჯერ არ აქვს ადგილი, მაგრამ არაფერი აკლია. პატარა ინციდენტიც საკმარისია მსოფლიოს, ომში გასახვევად.
მსგავსი უკვე მოხდა, როდესაც ყირიმის ნახევარკუნძულთან პროვოკაციულ სიახლოვეს მისულ ამერიკულ გემს "დონალდ ჩოოკ"-ს რუსულმა გამანადგურებელმა "Су-24М"-მა 1 კმ-ის სიახლოვესა და ზღვის დონიდან 160 მეტრზე გადაუფრინა, რომლის დროსაც რუსულმა თვითმფრინავმა გამოიყენა რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსი, რომელმაც გემს არა მარტო რადარი გაუთიშა, არამედ სხვა ელექტრონული ქსელიც. გათიშვით, უმოქმედო აღმოჩნდა სარაკეტო სისტემა აეგის. (ცნობისთვის, გემი აღჭურვილია "ტომაგავკის" ფრთოსანი რაკეტებით, რომელთა ფრენის სიშორე 2,5 ათასი კილომეტრია. მათ შეუძლიათ ბირთვული ქობინების ტარება.)
"Су-24М"-მა განახორციელა იმიტირებული საჰაერო თავდასხმა დაბრმავებულ და დაყრუებულ გემზე ანუ 12 ბომბი ჩამოაგდო. კუდამოძუებულმა გემმა უმალ დატოვა რუსეთის საზღვაო წყლები და რუმინეთის პორტ კონსტანცას მიაშურა, სადაც გემის ეკიპაჟის ბევრმა წევრმა უარი განაცხადა სამხედრო-საზღვაო ძალებში სამსახურზე. რა მოჰყვებოდა რუსი პოლიტიკის საჰაერო თავდასხმას, "სათამაშო" რომ არ ყოფილიყო?
ყირიმის რუსეთთან შეერთებისადმი მიძღვნილ ფილმში რუსეთის პრეზიდენტმა ეს ინციდენტიც გაიხსენა და პილოტის "ხულიგნობა" უწოდა, თუმცა აღნიშნა მზადყოფნაზეც, რასაც სამხედრო დაპირისპირება ჰქვია.
სულ ახლახანს, ოდესის გუბერნატორმა სააკაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო თოქ-შოუში თქვა, რომ რუსეთს სურს უკრაინაში დესტაბილიზაციის გამოწვევა. ახალი ამბავი.
რუსეთი, რომ პოლიტიკური დაუნი იყოს, მაშინ არ იფიქრებდა დესტაბილიზაციაზე, მაგრამ ის ადეკვატურია მის წინააღმდეგ ამოქმედებული გეგმების მიმართ. რუსეთს სურს საკუთარ საზღვრებთან შექმნილი დესტაბილიზაციური მომენტებისადმი შესაბამისი, საპასუხო პოზიციის დაფიქსირება. ასე მოიქცეოდა ნებისმიერი სახელმწიფო, მის ცხვირთან რაკეტების მიტანისთვის.
და კიდევ ერთი რამ - არ მსმენია სააკაშვილის განცხადება ლტოლვილებისთვის საკვების გადაყრის თაობაზე. სად არის მისი ომახიანი ხმა, ისეთი არალეგალ ქართველთა თბილისში, "МЧС"-ის თვითმფრინავით, იძულებით ჩამოყვანის დროს რომ იყო. მაშინ ის გაჰყვიროდა - როგორც ნახირი, ისე ჩამოიყვანეს ისინი თბილისშიო.
რუსეთის ქცევა თუ მიუღებელი იყო მისთვის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ქცევა ლტოლვილების "კვებასთან" დაკავშირებით, მისაღებია?
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი.