ოთარ დანელია: კახელი გლეხებისგან "მტრის ხატის" შექმნა ხდება
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გადაცემაში "არჩევანი" კახელი გლეხების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ კახელი გლეხებისგან "მტრის ხატის" შექმნა ხდება, თითქოს ისინი არიან ბუნტის სათავეები, რაც ძალიან საშიშია ქვეყნისთვის.
ოთარ დანელიას განმარტებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან ამ პროცესის ხელშეწყობა ხდება.
"ჩემთვის ყველა რეგიონი თანაბრად მნიშვნელოვანია, არც მეტი არც ნაკლები - თანაბრად მნიშვნელოვანი. თხილის ფასი არის ლამის მესამედზე ჩამოსული, სიმინდის ძალიან ცუდი მოსავალია. შიდა ქართლში ნახეთ რა მოხდა, იქ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაც არ აქვთ. იგივე იყო სამცხე-ჯავახეთში. მითხარით, როგორ განვსაზღვრო მე პრიორიტეტი? რატომ ერთი "კი" და მეორე "არა?". ამასთან, ყურძენი მარტო კახეთში არ მოდის და ძალიან ლეგიტიმური იყო ეს კრიტიკა, მე ვიღებ ამ კრიტიკას. რა თქმა უნდა, არასწორია სუბსიდირებაც და ამ კრიტიკასაც ვიღებ, მაგრამ ამ კახელ გლეხებს წარმოგიდგენიათ რა ბედი ელოდა, ეს რომ არ ყოფილიყო?
კიდევ ერთი რამ, თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელს და ხდება კახელების მტრის ხატის შექმნა, თითქოს ეს ხალხი არის უმადური და ა.შ. ეს ცუდი ტენდენციაა, ეს ძალიან საშიში ტენდენციაა და მე მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით პოპულისტ პოლიტიკურ ძალებს, დაანებონ ამ თემით სპეკულაციას თავი. არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება. მე მაქვს განცდა, რომ ამ პროცესის ხელის შეწყობა ხდება.
პასუხისმგებლობა ორმხრივია, ცალმხრივი პასუხისმგებლობა არ არსებობს, თუ გვინდა ჯანსაღად განვავითაროთ დარგი", - აღნიშნა დანელიამ.