ალექსანდრე კობაიძე: გავმართავთ აქციებს უზენაეს სასამართლოსთან და მოვითხოვთ ნინო გვენეტაძის გადაყენებას
"ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია" უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ზაზა მეიშვილისა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გია ჩემიას წინააღმდეგ დისციპლინარული დევნის დაწყებას მოითხოვს.
აღნიშნული მოთხოვნით ასოციაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს მიმართავს და მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საპროტესტო აქციებს აანონსებს. ამის შესახებ ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე კობაიძე "ალიას" ესაუბრა.
"მოვითხოვთ, ამ მოსამართლეთა მიმართ ამოქმედდეს საქართველოს კანონი "საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" - მე-6 მუხლით.
ამ ადამიანების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებაზე უფლებამოსილი პირი გახლავთ ქალბატონი ნინო გვენეტაძე. ამიტომაც მივმართავთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, დაინტერესდეს აღნიშნული მოსამართლეების საქმეებით და მოახდინოს მათ საქმეებზე რეაგირება.
თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე არ დაინტერესდება ამ ორი პიროვნების საკითხით, გავმართავთ აქციებს უზენაეს სასამართლოსთან და მოვითხოვთ ნინო გვენეტაძის გადაყენებას", - განაცხადა კობაიძემ.