ასლან ფაღავა: სოფლად დახარჯული მილიარდი თავში საცემად რატომ გაგიხდათ?!

ასლან ფაღავა: სოფლად დახარჯული მილიარდი თავში საცემად რატომ გაგიხდათ?!

მთავრობას სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დახარჯული მილიონები თავში საცემად რატომ გაუხდა? – ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, პოლიტიკურ კლუბ "მომავლის გზის" გამგეობის თავმჯდომარე ასლან ფაღავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დეტალურად ხსნის იმ მიზეზებს, კეთილად ჩაფიქრებული საქმე ხელისუფლებას ასე ცუდად რატომ მოუტრიალდა, აღნიშნულ სტატუსს ფაღავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

 

"ვაზი რომ ჩვენი ცივილიზაციის სიმბოლო და ქართველთა კულტურული მემკვიდრეობაა, ამაზე არ ვდავობთ, ხომ?

 

სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანები რომ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მოსახლეობის კეთილდღეობაა, ესეც ხომ ცხადია?

 

ქვეყანაში რაც სასიკეთო კეთდება, ხელისუფლებას რომ ეთვლება დამსახურებად და რაც ფუჭდება, ასევე ხელისუფლების უკეთურობად ითვლება, არც ეს გახლავთ სადავო ჩემი აზრით.

მაგრამ კეთილად ჩაფიქრებული საქმე რომ უხიაკად მოტრიალდება, იმას რაღა ქვია, ჯერ ვერ მოვიფიქრე.

გინდათ გითხრათ, რატომ მოგივიდათ ასე ღრმად პატივცემულო მთავრობავ და სოფლად დახარჯული მილიარდი თავში საცემად გაგიხდათ?

1.არ დათვალეთ, რამდენი იყო ყურძნის მოსალოდნელი მოსავალი;

2.არ იცოდით, აქედან რამდენი იყო საფერავი, რამდენი რქაწითელი, რამდენი მანავის მწვანე და ა.შ;

3. არ იცოდით: ღვინის რა მარაგები აქვთ ღვინის ქარხნებს, აქედან რამდენი დაძველებაზე, რამდენი, ორდინალური, რამდენი --- საკუპაჟე და ა.შ;

4. არ გაქვთ გათვლილი, მომავალ წელს რამდენი ორდინალური ღვინო გავა ექსპორტზე, რამდენი ღვინო მოიხმარება სავარაუდოდ ქვეყანაში, აქედან, რამდენი დამზადდება ინდივიდუალურად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და რამდენი შეივსება კახური ღვინით;

5. არ იცით, როგორ დათვალოთ ყურძნის თვითღირებულება;

6. არ უნდა გამოგეცხადებინათ სახელმწიფოს მიერ ყურძნის შესყიდვის შესახებ და თუ მაინც აცხადებდით, სანამ ქარხნები დაიწყებდნენ შესყიდვას, არ უნდა გამოგეცხადებინათ შესყიდვის მინიმალური ფასი;

7 არა გაქვთ მევენახეობის განვითარების სტრატეგია, არ მუშაობთ ღვინის ბაზრების მოძიებაზე, არ ებრძვით ღვინის ფალსიფიცირებას....

ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, არადა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმიტომ გაქვთ, რომ ეს ყველაფერი აკეთოს.

შემიძლია გითხრათ, ახლა რა ეშველება ამ საქმეს, მაგრამ შეისმენთ?

ეჭვი მაქვს, ამასაც ისევე შეისმენთ, როგორც ეროვნულ ვალუტაზე, ბანკებზე, ზოგადად საფინანსო პოლიტიკაზე ჩემი და სხვების ნათქვამი შეისმინეთ"! – წერს ასლან ფაღავა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: