ირაკლი სესიაშვილი ირაკლი ალასანიას შეკითხვებს პასუხობს
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიას სოციალური ქსელის საშუალებით პასუხობს.
"ბატონო ირაკლი, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად თავს ვიკავებ გავაკეთო შეფასებები "კაბელების საქმესთან" დაკავშირებით მანამ, სანამ სასამართლო გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას, თავს ვალდებულად ვთვლი პასუხი გავცე ჩვენს საზოგადოებას თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე.
პირველი: "იცოდა თუ არა ირაკლი სესიაშვილმა, რომ ამ პროექტს შეეძლო თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების ხელში ჩაეგდო". გპასუხობთ: ეს პროექტი უნდა განეხორციელებინა თავდაცვის სამინისტროს, პროექტის ტექნიკური დეტალები თავიდან ბოლომდე თავდაცვის სამინისტროსთან უნდა შეთანხმებულიყო. როგორც პროექტის დამკვეთი მხარე თავდაცვის სამინისტრო პასუხისმგებელი იყო მის უსაფრთხოებაზე და მის ხელში იყო მართვის მექანიზმებიც. თქვენ რომ საუბრობთ ამ კაბელს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გაევლოო, ეს ჩემთვის ვერ იქნებოდა ცნობილი, რადგან კაბელების შესაძლო მარშრუტი თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით უნდა შემუშავებულიყო, რაც არ განხორციელებულა და არანაირი დოკუმენტი ამ სავარაუდო გეგმის არ არსებობდა. ასე რომ თქვენი ვარაუდი ძალიან სუსტია შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე.
რაც შეეხება ჭოლოკავას სანდოობის საკითხს, ამ პიროვნების და მისი ორგანიზაციის სანდოობა თავად უნდა დაგედგინათ (ეს თქვენი ვალდებულება იყო და კარგად იცით, რომ სცილდება ჩემს კომპეტენციას), თუმცა, როგორც ირკვევა, თქვენ არც კონტრდაზვერვისთვის მიგიმართავთ და არც სხვა სამსახურებისთვის გიკითხავთ მისი სანდოობის შესახებ; არ არსებობს თქვენს მიერ ოფიციალურად გაგზავნილი არც წერილი და ბუნებრივია ვერც პასუხი იარსებებს. ასე რომ თქვენი ვარაუდი რომ "თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების ხელში ჩავარდებოდა" მხოლოდ თქვენი ვარაუდია და თუ უფრო სწორად გინდათ გიპასუხოთ, ეს თქვენი "არგუმენტი" როგორც ჩანს პოლიტიკურ მოტივაციას უფრო ეფუძნება. სანამ ვინმე ჭოლოკავას რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში დაადანაშაულებთ, აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ მას და მის სამსახურს, ამ პროექტის შეთავაზებამდე დაშვება ჰქონდა საიდუმლო შესყიდვებზე, გავლილი ჰქონდა შემოწმების ფილტრი და თქვენივე შესყიდვებში მონაწილეობდა. იმის შესახებაც გაცნობებთ, რომ როგორც ირკვევა ბატონი ჭოლოკავას ფირმამ უზრუნველყო ამერიკის საელჩოსთვის ბოჭკოვანი კაბელებით უზრუნველყოფა და თუ ჩვენი კონტრდაზვერვის არ გჯერათ და თქვენი ვარაუდები გირჩევნიათ, მე პირადად ამერიკული შესაბამისი სამსახურების შემოწმებას ვენდობი.
და ბოლოს, ბატონო ირაკლი, ვთქვათ და დაადგინეთ, რომ ამ კაცს კავშირები ჰქონდა რუსულ სპეცსამსახურებთან, მაშინ მე რატომ არ დამიკავშირდით და გამაფრთხილეთ, რომ მასთან რაიმე ტიპის კავშირი არ მქონოდა ან რატომ არ მოახდინეთ შესაბამისი რეაგირება? ეგ არის თქვენი კოლეგიალობა და პასუხისმგებლობა საერთო ინტერესების წინაშე?
2. კითხვა მეორე: "ასევე მაინტერესებს სესიაშვილის შეფასება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმის მიმდინარეობის გამო შეჩერებულია ოპტიკურბოჭკოვანი ხაზების სხვა პროექტი და თითოეული დღე ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას აფერხებს". ბატონო ირაკლი, სამწუხაროდ, როგორც ეს საფრანგეთთან გასაფორმებელი ხელშეკრულების დროს მოხდა, თქვენ ვერ ითვალისწინებთ იმ პასუხისმგებლობას, რომ მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც გრიფით საიდუმლოა, საჯარო დისკუსიისგან თავი უნდა შევიკავოთ. ასე რომ, ამ კითხვაზე საჯარო პასუხს ვერ მოგცემთ ჯერჯერობით. ასე იყო საფრანგეთთან გასაფორმებელი ხელშეკრულების დროს და ისიც იცით, რომ ის წარმატებით დასრულდა (უფრო უკეთ ვიდრე თქვენ გქონდათ მოლოდინი). ახლაც იგივეს გპირდებით. კარგი იქნება თქვენ თუ აუხსნით საზოგადოებას რა ინფორმაციას ეყრდნობით როდესაც საუბრობთ საიდუმლო პროექტის განხორციელების მიმდინარე მდგომარეობის შესახებ.
3. თქვენი ბოლო შეკითხვა: "როდესაც მან ეს პირი მომიყვანა, იცოდა თუ არა მისი წარსული და ის, რომ თაღლითობისთვის იყო ნასამართლევი". გპასუხობთ: ბატონო ირაკლი, გარდა იმისა, რომ ჩემს კომპეტენციაში არ შედის მისი ნასამართლეობის საკითხის დადგენა, მაინც მინდა შეგახსენოთ წინა ხელისუფლების მიერ როგორ ხდებოდა ადამიანების "გათაღლითება" (ოპოზიციაში გადასვლის შემდგომ, მგონი დაგავიწყდათ) და თუ მისი სანდოობის დადგენა გინდოდათ და ეს თქვენი ვალდებულებაც იყო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ ეს არ გაგიკეთებიათ. და თუ ეს გადამწყვეტი ფაქტორია, მივესალმები იმას, რომ შესაბამისმა ორგანოებმა შეისწავლონ თქვენს მიერ განხორციელებული შესყიდვები რამდენ "გასამართლებულ თაღლითთან" განახორციელეთ.
P.შ. ზოგს ჰგონია, რომ მხოლოდ კითხვების დასმით და ვარაუდების გამოთქმით საზოგადოების ყურადღების მიმართულება შეიცვლება.
პატივისცემით, ირაკლი სესიაშვილი, 16.09.2015 გარმიშ-პარტენკირხენი, გერმანია", - წერს ირაკლი სესიაშვილი.