ხათუნა ლაგაზიძე: ხელისუფლება უმძიმესი სტარტით იწყებს წინასაარჩევნო წელს

ხათუნა ლაგაზიძე: ხელისუფლება უმძიმესი სტარტით იწყებს წინასაარჩევნო წელს

ხელისუფლება უმძიმესი სტარტით იწყებს წინასაარჩევნო წელს, - ასე აფასებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის - თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებას.

 

 

როგორც ლაგაზიძემ განაცხადა, გასულმა ორმა დღემ, სახელმწიფოში არსებულ ბევრ მიღწევასთან ერთად, ბევრი სისტემური პრობლემა გამოკვეთა, 2016 წლის არჩევნების შედეგები კი სწორედ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებს ხელისუფლება ამ პრობლემებიდან თავდახსნას.

 

 

"ხელისუფლება უმძიმესი სტარტით შეუდგა წინასაარჩევნო წელს. გადავხედოთ ბოლო ერთი თვის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს: კითხვები გაჩნდა მედიის თავისუფლებაში ხელისუფლების ჩარევაზე, ლარი რა მდგომარეობაშია, ყველა კარგად ვხედავთ, ელექტროენერგიაზე ტარიფმა მოიმატა, იყო კახელი გლეხების ჯანყი სუბსიდირებასთან დაკავშირებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში კი ვიხილეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და გიგი უგულავას გათავისუფლება. ეს, დამეთანხმებით, არის უმძიმესი სურათი სახელისუფლებო ძალისთვის, რომელსაც ერთ წელში არჩევნები ელოდება",-აღნიშნა ლაგაზიძემ.

 

 

მისივე თქმით, ამას ემატება "ნაციონალური მოძრაობის" რევანშის შიში, რაც საზოგადოების დიდ ნაწილში უგულავას ციხიდან გამოსვლის შედეგად გაჩნდა.

 

 

"ვფიქრობ, ზემოთჩამოთვლილთაგან ხელისუფლებისთვის ყველაზე მძიმე მაინც ეს არის. ხელისუფლებისთვის მძიმეა, რომ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც 2012 წელს წავიდა და არჩევნებზე ხმა მისცა "ქართულ ოცნებას", აღარ აქვს იმედი, რომ დღევანდელი ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" რევანშისგან დაიცავს. ამას, სხვათაშორის, ძალიან მძიმე პროცესები ახლავს ხოლმე თავად სახელისუფლო ვერტიკალში. თუ ყველაზე ახლო წარსულთან – შევარდნაძის პერიოდთან გავალებთ პარალელს, დავინახავთ, რომ როგორც კი მაშინ შევარდნაძის ხელისუფლების ჩამონგრევის თაობაზე გარკვეული შიში გაჩნდა, საშუალო და მაღალი რანგის ჩინოვნიკებმა მასობრივად (არა ღიად, მაგრამ ზურგსუკან) თანამშრომლობა დაიწყეს "ნაციონალურ მოძრაობასთან". ასე რომ, თავად სახელისუფლო ძალის შიგნითაც გარკვეული შიდა რღვევის ელემენტები შეიძლება გაჩნდეს. უგულავას გათავისუფლება ეს არის ერთი სიმპტომი, მაგრამ თუ ამას მოჰყვა ისეთი ნაბიჯები, რომელიც რევანშის განცდას გაამძაფრებს, რღვევის პროცესის შეჩერება ძალიან გაუჭირდება ხელისუფლებას", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

 

 

პოლიტოლოგის თქმით, ძნელად წარმოუდგენია, როგორი შეიძლება იყოს წინასაარჩევნოდ აღნიშნულზე უფრო მძიმე სტარტი ხელისუფლებისთვის და თუ ის სიტუაციის შემოტრიალებას შეძლებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "საოცარი პოლიტიკური ტექნოლოგიის მომსწრენი გავხდით".

 

 

"კიდევ ერთი, რაც დაგვანახა ამ დღეებმა არის ის, რომ 2016 წლის არჩევნები და უშუალოდ ხმების დათვლის პროცესი იქნება ურთულესი გამოცდა ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვისაც, რადგან სასამართლოების მიერ ამ დღეებში მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე იოლი სავარაუდოა, რა გადაწყვეტილებებს გამოიტანენ სასამართლოები იმ შემთხვევაში, თუ საჩივრები მიაწყდება არჩევნების შედეგების გასაჩივრების მოთხოვნით.

 

 

ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისიც, რომ ეს ყველაფერი არაჩვეულებრივ ფონს ქმნის ახალი პოლიტიკური ძალის ასპარეზზე გამოსასვლელადაც, რომელსაც შეეკედლება ამომრჩევლის ის სოლიდური ნაწილი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" რევანშის ეშინია, მაგრამ ხელისუფლების იმედი აღარ აქვს და ეჭვი ეპარება, რომ მას შესწევს საზოგადოების დაცვის უნარი.

 

 

ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესო პროცესების მომსწრენი ვართ. ძნელად წარმომიდგენია, როგორი შეიძლება იყოს წინასაარჩევნოდ ამაზე უფრო მძიმე სტარტი ხელისუფლებისთვის და თუ ის ამის შემოტრიალებს შეძლებს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საოცარი პოლიტიკური ტექნოლოგიის მომსწრენი გავხდებით", - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: