მედიასაშუალებების წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს ქართულ მედიაში არსებულ პრობლემებს აცნობენ
მედიის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქართულ მედიასივრცეში არსებულ პრობლემებს განიხილავენ. შეხვედრა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" ორგანიზებით, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარეობს. შეხვედრაზე უშაულოდ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ მედიაში არსებულ პრობლემებსა და თოქ შოუების დახურვის მიზეზებზე.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ,,საერთაშორისო გამვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პირდაპირ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისგან მიიღონ ინფორმაცია.
,,ასეთი ფორმატის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მედიის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდონ მედიაგარემოში არსებული ვითარების შესახებ. როგორც თქვენ იცით, ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი არასასურველი ტენდენცია შეიმჩნევა. მაგალითად ,,რეკლამის შესახებ" კანონი რომ ავიღოთ, რომელიც გარკვეულწილად უზღუდავს ზოგიერთ მედიასაშუალებას შემოსავლის წყაროებს. ასევე პრობლემურია პოლიტიკური ტოკშოუების დახურვაც, რა კუთხითაც ბევრი კითხვის ნიშანი ისმის. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრებმა, საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პირდაპირ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისგან მიიღონ ინფორმაცია და შემდეგ მისი ანალიზი მოახდინონ", - განაცხადა ეკა გიგაურმა.