მამუკა არეშიძე: რასაც თვითონ აშავებდნენ, ახლა "ქართულ ოცნებას" აბრალებენ და ფრთაშესხმული ანგელოზებივით გვიკითხავენ მორალს...
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ისე წარმოაჩინა საქმე, თითქოს მთელი ქვეყანა ახლა მათ უჭერს მხარს. ეს მტკნარი სიცრუეა, მაგრამ უბედურება ის არის, რომ საზოგადოება ყველაფერს შორიდან უყურებს და არც ერთ პოლიტიკურ ძალას აღარ გულშემატკივრობს", - ამ განცხადებას ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აკეთებს.
"ის, რაც ბოლო დღეებში საქართველოს სასამართლო დარბაზებში ხდებოდა, იყო ფარსი. საქმეში ჩაუხედავი ადამიანებიც კი სვამენ შეკითხვას: საკონსტიტუციო სასამართლომ რომელი კანონი გააუქმა და რაზე თქვა უარი?! იმაზე ხომ არა, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო რამდენიმე წლის წინ? ეს ნამდვილად ასეა - მათ საკუთარ წარმატებად მიიჩნიეს იმის გაუქმება, რაც არცთუ დიდი ხნის წინ თვითონ დააკანონეს და ჩემდა გასაოცრად, ეს გაუვიდათ... თუმცა, უგულავა ალბათ ვერ ხვდება, რამხელა შეცდომა დაუშვა. დიახ, ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დაუშვა, არის ის, რომ მან სიტყვა "აბაროტი" ახსენა. ეს ძალიან ცუდად შემოუბრუნდებათ უკან. "აბაროტის" აღება მარტო უგულავას არ შეუძლია.
რაც შეეხება სასამართლოზე ზეწოლის შესახებ გახშირებულ ლაპარაკს... ზეწოლა იყო ის, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა და ასეთი მასშტაბის ზეწოლა, სიმართლე გითხრათ, აქამდე არ მინახავს. არ ვიცი, განა ნორმალურია, სასამართლო პროცესის პარალელურად, პირდაპირი ეთერით უჩვენებდნენ მიტინგს, სადაც მოსამართლეებსა და სასამართლოს შეურაცხყოფას აყენებს ყველა, ვისაც არ ეზარება?! ეს არ არის ზეწოლა და ერთი მოსამართლის სახლთან გამართული აქცია ზეწოლაა?! "რუსთავი 2"-ის საქციელს რა ჰქვია, აღარ ვიცი. ის საბოლოოდ იქცა პარტიულ ტელევიზიად, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე ასრულებს პარტიული ბოსების დავალებებს.
ეს რაც შეეხება ფარსის იმ ნაწილს, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" წარმოგვიდგინა, მაგრამ არსებობს მეორე ნაწილიც - "ქართული ოცნებისა" და ხელისუფლების დადგმული. მათი მოქმედება კრიტიკას ვერ უძლებს. საქმე ის კი არ არის, გიგი უგულავა ციხეში დარჩებოდა თუ არა, არამედ ის, რომ პოლიტიკურ ბრძოლას თავისი კანონები აქვს. როცა პოლიტიკოსობას გადაწყვეტ, მით უფრო - თუ ხელისუფლებაშიც ხვდები, ამ ბრძოლის წესები უნდა იცოდე ან, თუ არ იცი, ისწავლო. თუ ამას ვერ ახერხებ, პოლიტიკაშიც არაფერი გესაქმება. "ქართული ოცნების" იმ წევრებმა, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული, გამოავლინეს პოლიტიკური ბრძოლის მეთოდების არცოდნა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ხელისუფლებაში პიარტექნოლოგიების არაფერი გაეგებათ... უგულავას აქამდე მიყვანა როგორ შეიძლებოდა?! შთაბეჭდილება მრჩება, რომ საკუთარი ხელით ითხრიან სამარეს.
რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, მას შემდეგ იმაზეა ლაპარაკი, რომ საბოტაჟია როგორც ძალოვან სტრუქტურებში, ასევე ზოგიერთ სახელისუფლებო რგოლში, მაგრამ ამის აღსაკვეთად არ თუ ვერ დგამენ ნაბიჯებს, არ ვიცი.
პოლიტიკური პროცესისადმი გაჩნდა ნიჰილიზმი, რაც ძალიან ცუდია. პირდაპირ საარაკოა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ცინიზმი, როცა ისინი ლაპარაკობენ თავისუფალი სასამართლოს პრინციპსა და მათ მიმართ სამართლიანობის აღდგენაზე. რასაც თვითონ აშავებდნენ წლების განმავლობაში, ახლა "ქართულ ოცნებას" აბრალებენ და ფრთაშესხმული ანგელოზებივით გვიკითხავენ მორალს..." - აცხადებს მამუკა არეშიძე.