გიორგი ქადაგიძე: ინფლაციური მოლოდინი ძალიან მაღალია
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით ინფლაციური მოლოდინი მაღალია. ამის შესახებ ქადაგიძემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა. მისი თქმით სებ-ი იმ მონეტარულ პოლიტიკას გააგრძელებს, რომელიც ამ ამოცანებს უპასუხებს.
"სამწუხაროდ, ჩვენი სამომხმარებლო კალათის დიდი ნაწილი არის იმპორტზე დამოკიდებული და ეს აისახება ფასებზე. აღსანიშნავია, რომ დადებითად მოქმედი ტენდენციებიც არსებობს. მაგალითად, რეკორდულად დაბალი ფასი ნავთობზე, ძირითად სასაქონლო ჯგუფებზე, როგორიცაა ხორბალი, შაქარი, ზეთი, ფასები შემცირებულია, რაც ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებს. ჯამურად, სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, ინფლაციის მაჩვენებელი 5%-ზე ცოტა მეტია. ინფლაციური მოლოდინი, სამწუხაროდ, ძალიან მაღალია, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ იმ მონეტარული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც პასუხობს ამ ამოცანას," - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ და აღნიშნა, რომ ორნიშნა ინფლაცია არავითარ შემთხვევაში არ იქნება .
ქადაგიძემ რეფინანსირების განაკვეთის ზრდაზე არ ისაუბრა და განაცხადა, რომ წინასწარ კომენტარის გაკეთება გაუჭირდება.
"სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარე რიგ საქონელზე ფასები იზრდება, მაგრამ საგარეო ფაქტორები ჩვენ სასარგებლოდ მოქმედებს. ინფლაციის კონტროლი მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი დიდ პრობლემად არ დააწვეს მოსახლეობას, ვისაც ლარის გაუფასურებამ ისედაც ბევრი პრობლემა შუქმნა. გაიზრდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთი, წინასწარ არ შემიძლია საუბარი. ხვალ არის სხდომა და ვიმსჯელებთ"- აღნიშნა ქადაგიძემ.