გიორგი კანდელაკი: ერთადერთი რაც იუსტიციის მინისტრს ამოძრავებს, ზიზღია
ერთადერთი რაც იუსტიციის მინისტრს ამოძრავებს, ზიზღია, - ამ განცხადებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა თეა წულუკიანს მიმართა.
კანდელაკმა თეა წულუკიანი დეპუტატების მიმართ არაეთიკურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა და განაცხადა, დასმულ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო.
"ვენეციის კომისიის მკაფიო პოზიციაა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა ორი მესამედის უმრავლესობით მოხდეს. თქვენ იცრუეთ როცა თქვით, რომ საბჭოში ერთი ადგილის შევსება "ნაციონალური მოძრაობის" გამო ვერ ხდება. ამ კვოტაზე წარდგენილ კანდიდატურას თქვენი მეგობრები სისტემატურად აგდებენ. როგორც ხალხური სიბრძნე ამბობს, ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. დღეს ჩვენ პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში ვიმყოფებით. პირველი რესპუბლიკის სისტემის დროს ნაფიც მსაჯულთა სისტემა არსებობდა, ის ბოლშევიკებმა საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გააუქმეს და თუ თქვენი საქმიანობით ვიმსჯელებთ, იდეურად და მსოფლმხედველობრივად, ზუსტად მათთან ხართ ახლოს", - მიმართა თეა წულუკიანს გიორგი კანდელაკმა.