პრეზიდენტის ადმინისტრაცია გიორგი მარგველაშვილის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
სახელმწიფოს მეთაური გიორგი მარგველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ნიუ-იორკს დღეს, 27 სექტემბერს ეწვევა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.
ქვეყნის მთავარსარდალი კონექტიკუტის შტატში, ქალაქ ნიუ-ჰევენში სანაპირო დაცვის აკადემიაში (ჩოასტ Gუარდს Aცადემყ) სიტყვით გამოვა და დაღუპული ქართველი კადეტების – სოსო მაკარიძის და ბესო გორჯოლაძის ხსოვნას პატივს მიაგებს.
ნიუ-იორკში ასევე, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის საჯარო გამოსვლები საგარეო ურთიერთობათა საბჭოში და ფორდჰეიმის უნივერსიტეტში.
ქვეყნის პირველი პირი მონაწილეობას მიიღებს ლიტვის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში – "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი, ქალთა როლის გაძლიერება".
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი 29 სექტემბერს ვაშინგტონს ეწვევა, სადაც დაგეგმილია შეხვედრები თხუთმეტამდე სენატორთან და კონგრესმენთან, მათ შორის არიზონას შტატის სენატორ ჯონ მაკკეინთან. ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტებს და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტი "ოლბრაიშ სთოუნბრიჯ გრუფ"-ის ხელმძღვანელს მადლენ ოლბრაითს სამუშაო საუზმეზე უმასპინძლებს. ქვეყნის პირველი პირი "ნაციონალურ-დემოკრატიული ინსტიტუტის" ( NDI ) ხელმძღვანელებთანაც გამართავს სამუშაო სადილს. დაგეგმილია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ვილსონის ცენტრში, ასევე სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში. საქართველოს პრეზიდენტი ამერიკაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასაც შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან. საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი აშშ-ში 2 ოქტომბერს დასრულდება.