გიორგი მარგველაშვილი: რუსეთთან საუბარი არჩევანის თემა კი არ არის , აბსოლუტური აუცილებლობაა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთთან საუბარს "აბსოლუტურ აუცილებლობად" მიიჩნევს. როგორც მარგველაშვილმა აშშ-ში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე განაცხადა, ამ საუბრისთვის დრო უნდა მომწიფდეს.
"რუსეთთან საუბარი არჩევანის თემა კი არ არის, მოგწონს თუ არ მოგწონს, არამედ აბსოლუტური აუცილებლობაა. თუმცა, ამ საუბრისთვის უნდა მომწიფდეს დრო და თვითონ რუსული პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რაღაცაზე უნდა იყოს ორიენტირებული, სადაც საერთოს დავინახავთ", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს 20%-ის ოკუპირება არც ერთ რუსულ პრობლემას არ წყვეტს.
"არც ერთი ეს ომი არაფრის მომტანია რუსეთისთვის. ჩვეულებრივ ხდებოდა ხოლმე ქვეყნებს შორის ომი ტერიტორიებთან დაკავშირებით და ასეთი არაერთი ომი ახსოვს ისტორიას. საქართველოს 20%-ის ოკუპირება არც ერთ რუსულ პრობლემას არ წყვეტს. რუსეთის სახელმწიფოს პრობლემების ნუსხას თუ ჩამოვწერთ, ბოლოშიც კი გაგვიჭირდება მივაწეროთ, რომ რუსეთს ტერიტორიები აკლია. რუსული ინტერესი საქართველოს ოკუპაციაში რაშია, ძნელი დასანახია. ძლიერი, ეკონომიკურად წელში გამართული, კეთილმეზობლური საქართველო უფრო საინტერესოა რუსეთისთვის, ვიდრე ქვეყანა, რომლის ტერიტორიებსაც დაიპყრობ, სადაც იქნება არაკონტროლირებადი ტერიტორიები, ირევა სიტუაცია მის საზღვრებთან და ა.შ. ანუ, არანაირი ლოგიკური ინტერესი არ არის საქართველოსთან დაპირისპირების. ამ ჭეშმარიტებამდე დროა საჭირო, რომ მივიდნენ. თუ ჩვენ შევძლებთ და რუსეთთან დიალოგს გადავიტანთ რაციონალურ ჭრილში, მჯერა, რომ მივალთ საერთო ნიშნულებამდე. არა მარტო საქართველოს ინტერესებიდან, არა მარტო ისტორიული სამართლიანობიდან გამომდინარე, არამედ რუსული ინტერესებიდან გამომდინარეც, რატომ უნდა იყოს შენი მეზობელი სუსტი, არეული, პრობლემური და შენთან დაპირისპირებული", - განაცხადა მარგველაშვილმა.