ნინო გვენეტაძე ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს დასკვნების კრებულის პრეზენტაციას ესწრება

ნინო გვენეტაძე ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს  დასკვნების კრებულის პრეზენტაციას ესწრება

სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" ტარდება ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) საქმიანობის და დასკვნების კრებულის პრეზენტაცია, რომელიც განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის - "მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძიერება საქართველოში" ფარგლებში.

უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, მოწვეულ სტუმრებს მიესალმებიან ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.

კრებულის პრეზენტაციას განახორციელებს ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) პრეზიდენტი ვილბერტუს ვან ლიეროპი, რომელიც იმავდოულად არის ვაჭრობისა და მრეწველობის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი.

კრებული მოიცავს ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს მიერ 2001-2014 წლებში მიღებულ 17 რეკომენდაციას, რომელთა არაოფიციალური თარგმანიც მომზადდა ევროპის საბჭოს პროექტის - "მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძიერება საქართველოში" ფარგლებში. 

CCJE-ს საქმიანობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის იმპლემენტაციის კონტექსტში ხორციელდება. ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს მთავარი ფუნქცია არის მოსამართლეთა სტატუსის ან სამოსამართლო ფუნქციების აღსრულებასთან დაკავშირებით დასკვნების შემუშავება. დასკვნების მომზადება ხდება სამუშაო ჯგუფის მიერ წევრ სახელმწიფოებში ჩატარებული კვლევების საპასუხოდ და მათ ამტკიცებენ CCJE-ს პლენარულ სხდომებზე. ამის შემდეგ დასკვნები ეგზავნება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და წევრ ქვეყნებს, შემდგომი აღსრულების მიზნით. 

თითოეული დასკვნა შემუშავებულია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა მიერ კითხვარზე გაცემული პასუხებისა და ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს წევრთა მიერ მომზადებული ტექსტების საფუძველზე. ზოგიერთ მათგანში მოყვანილია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტები, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შესახებ პრინციპების შესახებ ოფიციალური და ნაკლებად ოფიციალური ხასიათის დოკუმენტები, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს დისკუსიებში გამოყენებული მასალა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: