გიორგი კვერენჩხილაძე:გიორგი მარგველაშვილმა პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებას ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტი პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში წარმოდგენილ ცვლილებას ხელს აწერს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა.
"პრეზიდენტის მიერ არაერთხელ გაცხადდა სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის პროკურატურის სრულფასოვანი რეფორმირების აუცილებლობის თაობაზე, ასევე პოლიტიკისა და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი და მაღალპროფესიულ სტანდარტებზე დაფუძნებული პროკურატურის მნიშვნელობის შესახებ. უდავოა, რომ დღეს საზოგადოებაში არებობს სრული კონსენსუსი პროკურატურის სისტემაში სიღრმისეული რეფორმების გატარების აუცილებლობის თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში ხელმოსაწერად წარმოდგენილი ცვლილება არსობრივად მხოლოდ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე განწესება- გათავისუფლების ახლებურ რეგულაციებს ითვალისწინებს. პროკურატორის სისტემის რეფორმირებასთან მიმართებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ არაერთხელ ყოფილა გაცხადებული და დღესაც მიიჩნევს, რომ უნდა განისაზღვროს პროკურატურის სტატუსი და ადგილი სახელისუფლო ორგანოთა სისტემაში სრულყოფილად უნდა იყოს უზრუნველყოფილი პროკურატურის ინსტიტუციური თუ პოლიტიკური დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ასევე საზოგადოების თუ საკანონდებლო ორგანოს წინაშე პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების პირობები. საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში წარმოდგენილ ცვლილებას, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ არსებიდათ მხოლოდ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე განწესება-გათავისუფლების პროცედურებს ეხება და ახლებური რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებს", - განაცხადა კვერენჩხილაძემ.
ამასთან, მისი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ელოდება, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება და განხორციელდება პროკურატურის სისტემის რეალური რეფორმა.