ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.
როგორც აქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, დეინა ჰაიდმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოში "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" საქმიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის ერთობლივი საქმიანობის როლზე ისაუბრა.
"საქართველომ დიდი ხანია გააცნობიერა ეკონომიკური ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნის აუცილებლობა; 2004 წელს, საქართველო 112-ე ადგილზე იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის "ბიზნესის ადვილად წარმოების ინდექსით", ხოლო 2015 წელს – მე-15 ადგილზეა. ასე რომ, ეს წარმოუდგენელი ზრდაა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესზე მიუთითებს", – განაცხადა "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნიუ-იორკში, საინვესტიციო ფორუმზე – Georgia-Making Business Easy სიტყვით გამოსვლისას.
დეინა ჰაიდმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ქართველ ხალხს ავღანეთში მამაცი ქართველი ჯარისკაცის, ვასილ ყულჯანიშვილის დაღუპვა მიუსამძიმრა.
"ჩვენ გული შეგვტკივა და ვლოცულობთ მისი ოჯახის, მეგობრების და თანამებრძოლებისთვის. შეერთებული შტატები საქართველოსთან ერთად არის ამ გლოვის ჟამს, ასე რომ, გმადლობთ", – განაცხადა ჰაიდმა.
"ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც საქართველოში, კორპორაციის მხარდაჭერით ხორციელდება.
მისი თქმით, "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" პირველმა კომპონენტმა საქართველოში გააუმჯობესა 200 კმ-ზე მეტი სიგრძის გზა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთში, რათა ხელი შეეწყო რეგიონალური ვაჭრობისთვის; დაეხმარა ქვეყანას ბუნებრივი გაზსადენის შეკეთებაში, რათა ხელი შეეწყო ქართველთა ენერგოდამოუკიდებლობისათვის; დაეხმარა 280-ზე მეტ მცირე ბიზნესს საჭირო კაპიტალით და ტექნიკური უზრუნველყოფით, რამაც სოფლის მეურნეობის სექტორში 3000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა.
"მინდა ყველას გაგიზიაროთ ერთი ისტორია, რომელიც ამ ციფრების მიღმა დგას. ნინო იყო საქმოსანი ქალი, რომელსაც სასოფლო სამეურნეო მარაგის პატარა მაღაზია ჰქონდა მესტიაში. მან მიიღო ჩვენი ერთ-ერთი შესაბამისი გრანტი. ნინომ ეს თანხა გამოიყენა საკუთარი ინვენტარის რაოდენობის საგრძნობლად გასაზრდელად. მან დაამატა ერთი სართული და სასუქი, აგრეთვე რეგიონის ფერმერებისათვის ააშენა გადამზადების ცენტრი. მან ბიზნესი სრულყოფილ ფერმერულ ცენტრად აქცია. ასე რომ, ნინოსათვის ეს საუცხოო შესაძლებლობა იყო, გაეფართოებინა მაღაზია და გაეზარდა მოგება. ამით კი იგი მთელს თემს გამოადგა და ასობით ფერმერს დაეხმარა რეგიონში. "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში" გვინდა, ვიფიქროთ, რომ სწორედ ასეთ ისტორიებს მოველით ზრდის თვალსაზრისით. გვინდა, შევქმნათ სწორი პირობები, რომელთა შედეგიც ხალხს გამოადგება", – აღნიშნა ჰაიდმა.
"ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე ისაუბრა მეორე კომპონენტის შესახებ და აღნიშნა, რომ მისი მიზანია ინვესტიციის ჩადება ქართველ ხალხში, რათა მათ ჰქონდეთ უნარები, რომლებიც სჭირდებათ კარგად ანაზღაურებადი სამსახურებისთვის.
"ეს ნიშნავს ხარვეზების შევსებას ქართველ მშრომელებზე მოთხოვნასა და უზრუნველყოფას შორის. ეს ხარვეზი კი, როგორც ვიცით, განსაკუთრებით დიდია საქართველოში და მთელს მსოფლიოში შემდეგ სფეროებში – მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, ინჟინერიაში და მათემატიკაში. ასე რომ, მჭიდროდ ვითანამშრომლეთ ხელისუფლებასთან, მასშტაბური კონსულტაციები გავუწიეთ კომპანიებს და მოვიფიქრეთ პარტნიორობის პროექტი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რათა ქართველი სტუდენტები უზრუნველყოფილი ყოფილიყვნენ მსოფლიო კლასის განათლებით მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, ინჟინერიასა და მათემატიკაში. მე წილად მხვდა პატივი, დავსწრებოდი ხელმოწერის ცერემონიას შარშან, პრემიერ-მინისტრთან ერთად. ამ შემოდგომაზე კი მეამაყება იმის თქმა, რომ სტუდენტები პირველად საქართველოში დაიწყებენ სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულ 4-წლიან სწავლას იგივე სტანდარტით, როგორსაც მიიღებდით სამხრეთ კალიფორნიაში. იმისთვის, რომ განავრცოს ეს შესაძლებლობა სტუდენტებისათვის, უნივერსიტეტი თანამშრომლობს სხვა უნივერსიტეტებთან, რათა უზრუნველყოს მათ მიერ მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკური ხარისხის მიღება. გარდა ამისა, ის გვინდა რეგიონალურ ცენტრად გადავაქციოთ ამ სფეროში", – განაცხადა ჰაიდმა და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო და კერძო სექტორებთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
მისი თქმით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სურვილია მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნესთან უმაღლეს განათლებაში და პროფესიონალურ გადამზადებაში ინვესტიციების მოსარგებად საქართველოში არსებული სამუშაოებისათვის საჭირო უნარებზე.
"