ხათუნა ლაგაზიძე: აკაკი ბობოხიძე ნაციონალების მომხრეებს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მოუწოდებს
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი ბობოხიძემ ნაციონალების მომხრეებს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მოუწოდა:
"წუხელ მთელი ღამე ვფიქრობდი, პროცესებს ცუდი სუნი უდით: როგორც ჩანს, ვერც "ნაციონალებმა" და ვერც ხელისუფლებამ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს და წინასაარჩევნოდ პროცესები ისევ "შუა უნდა გაიკრიფოს" პრინციპით წავა.
როცა კაკო ბობოხიძე ნაციონალების მომხრეებს მოუწოდებს, რომ პასუხი აგებინონ საკუთარ მეზობლებს, ნათესავებს, ნაცნობებს, მეგობრებს, "ქართული ოცნების" კოორდინატორებს და აქტივისტებს, იგულისხმება ხმის მიმცემებსაც და ზოგადად, ყველა განსხვავებული აზრის მატარებელს, გასაგებია, რომ ეს ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირიპირებისკენ მოწოდება და მზადებაა და მესმის ხელისუფლების შეშფოთება და იმის შიშიც, რომ ესა თუ ის ტელევიზია ამ პროცესების რუპორად არ იქცეს.
ბობოხიძის ეს მოწოდება პირდაპირ იმასაც ნიშნავს, რომ ყველას სასწრაფოდ ამოგვეკერება საინფორმაციო ღრუ, მედიამფლობელსაც, ჟურნალისტსაც, პოლიტოლოგსაც, პოლიტიკოსსაც და რიგით მოქალაქესაც. კაცი პირდაპირ ამბობს, "მოემზადეთ მოსალოდნელი რისხვის, შეურაცხყოფისა და თავდასხმებისთვისო", მეტი რა უნდა თქვას (ისე, ჩვენში დარჩეს და ბობოხიძე "ნაციონალების" მეჭიაურია, ყველაფერს აფრქვევს, რაც მოისმინა და რაც პირზე ადგება).
გასაგებია, რომ გამოსავალი საპოვნია. მაგრამ მედიის გაჩუმება გამოსავალი არ არის. გამოსავალი სხვაგან არის საძებნი: მედიამ და იმ ადამიანებმა, ვინც მედიით ჩანან, თუ ამ ხელისუფლებაშიც საფრთხე დაინახა, იფიქრებს, რა მნიშვნელობა აქვს, მგელი შემჭამს თუ მგლისფერი ტურაო. ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან კონფრონტაციული რეჟიმი რომ აირჩიეთ მედიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, შედეგებს ახლა იმკით. ვინც თქვენ ამას გირჩევთ, ის თქვენი ყველაზე დიდი მტერია", - წერს ლაგაზიძე.