პაატა სალია "რუსთავი 2" -ს პასუხობს

პაატა სალია "რუსთავი 2" -ს პასუხობს

ტელეკომპანია  "რუსთავი 2"  -ს გარშემო  ატეხილ აჟიოტაჟს და  ტელეკომპანია "საქართველოს"  წილების  გასხვისების საკითხს,  ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ეხმაურება. ადვოკატი ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის  გენერალური დირექტორისა და ადვოკატ  შოთა მინდელის გუშინდელ განცხადებებს პასუხობს.  "კვირა" ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

"29 სექტემბერს, საღამოს, საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული მონაცემებიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი, ტელეკომპანია "საქართველოს" წილების გასხვისება იგეგმებოდა.

 

აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი ონლაინ რეჟიმში გაცნობა.

 

გავეცანით რა ამ ხელშეკრულებას, მივიჩნიეთ, რომ ის შეიცავდა საკმაოდ ბუნდოვან ნორმებს და შესაძლებელს ხდიდა ტელეკომპანია "რუსთვი 2"-ის მიმართ, მომავალში გარკვეული საფრთხე შექმნილიყო. კერძოდ, ე.წ. ინვესტორი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა, ბ-ნი დიმიტრი ჩიქოვანი ტელეკომპანია "საქართველოს" წილების შეძენას 400 ათას დოლარად აპირებდა, ხოლი – 6 მილიონი დოლარის "ინვესტირებას" "რუსთავი 2"-ში.

 

რაც ყველაზე საინტერესო და საყურადღებოა, როგორც ბ-ნი ჩიქოვანის წარმომადგენელი აცხადებს, აღნიშნული თანხის გადაცემას აპირებდა არა სესხის სახით, არამედ "რუსთავი 2"-ის საწესდებო კაპიტალში შეტანის გზით. საყურადღებოა ის გარემოება, რომ "რუსთავი 2"-ის საწესდებო კაპიტალის ოდენობის შეცვლა ასევე აკრძალული იყო სასამართლოს განჩინებით და თანხა, რომც მიეღო ტელეკომპანიას (თუმცა ვეჭვობთ, რომ ასეთი განზრახვა საერთოდ არსებობდა) მისი ასახვა საწესდებო კაპიტალში ვერ მოხდებოდა. ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს 5 აგვისტოს განჩინებით, ტელეკომპანიას ასევე აკრძალული ჰქონდა დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება, რაც გამორიცხავდა თანხის კანონიერი გზით მიღებას. გარდა ამისა, თუ იგეგმებოდა საწესდებო კაპიტალის გაზრდა ინვესტორის ხარჯზე, ცალსახაა, რომ ნებისმიერი გულისხმიერი ბიზნესმენი მოითხოვდა კომპანიაში მისი წილის შესაბამისად გაზრდას, რაც მოცემულ შემთხვევაში, რატომღაც, არავის მოსვლია აზრად. ასეთ ვითარებაში, ცალსახაა, რომ თანხის გადაცემა კომპანიისათვის წარმოშობდა მისი დაბრუნების ვალდებულებას. ამდენად, სრულიად არადამაჯერებელი და დაუსაბუთებელია ის განცხადებები, თითქოს "რუსთავი 2"-ს ყოველგვარი ვალდებულების გარეშე უნდა მიღო ინვესტიცია.

 

საჯარო რეესტრის ვებ-გვერდიდან ოფიცალურად მოპოვებული ხელშეკრულების ნორმებმა საფუძვლიანად გაგვიჩინა ეჭვი, რომ გარიგების რეალური მიზანი არა ტელეკომპანიაში დამატებითი ინვესტიციის განხორციელება, არამედ მისი, ფიქტიური გარიგების საფუძველზე, დამატებითი ფინანსური ვალდებულებებით დატვირთვა იყო. ეს გახლდათ მიზანმიმართული ქმედება, რომელსაც უნდა შეექმნა ბერკეტი იმისათვის, რომ, როდესაც ქიბარ ხალვაში აღიდგენდა ამ წილებზე თავის უფლებებს, მომხდარიყო ტელეკომპანიისათვის თითქოს გადაცემული 6 მილიონი დოლარის მოთხოვნა, რასაც სრულიად შესაძლებელია, "რუსთვი 2" გაკოტრების პირას მიეყვანა. სწორედ აღნიშნულის პრევენციის მიზნით განვახორციელეთ ის საპროცესო მოქმედებები, რის საფუძველზეც მოხდა წილების გასხვისების აკრძალვა.

 

ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, ტელეკომპანია "საქართველოს" გასხვისებაზე ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილი გახდა საჯარო წყაროდან. შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს მოსამზადებელ სხდომაზე ჩვენ დავაყენეთ მოთხოვნა ყველა პარტნიორის მიმართ თანხების დაკისრების თაობაზე, სრულიად უფლებამოსილი ვიყავით ამ მოთხოვნის ფარგლებში ნებისმიერი პარტნიორის და მათ შორის ყარამანიშვილების ნებისმიერ ქონებაზე, მათ შორის "ტელეკომანია საქართველოს" წილებზე მოგვეთხოვა უზრუნველყოფა, ანუ ყადაღის დადება. საჯარაო რეესტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვახორციელებთ ყოველდღიურ მონიტორინგს "რუსთავი 2"-ის ყველა პარტნიორთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. სწორედ, ამ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ 29 სექტემბერს, საღამოს 17:55 საათზე, მიმართულ იქნა საჯარო რეესტრისათვის მოთხოვნით და ითხოვდნენ დაჩქარებული წესით, იმავე დღეს წილების გადაცემის რეგისტრაციას. შესაბამისად, ჩვენ როგორც კი შევიტყვეთ ამის შესახებ, მივმართეთ სასამართლოს, მოვითხოვეთ წილების დაყადაღება და სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა. სასამართლოს ასევე მივმართეთ პარტნიორების საბანკო ანგარიშების დაყადაღების მოთხოვნით და მათ შორის ყარამანიშვილების საბანკო ანგარიშების, თუმცა, ამ ნაწილში სასამართლომ რატომღაც ეს მოთხოვნა არ დაგვიკმაყოფილა.

 

ბრალდება იმის თაობაზე, რომ ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელმა უკანონო გზებით მოიპოვა საჯარო რესტრიდან ინფორმაცია და საჯარო რეესტრსა და ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელს შორის უკანონო კომუნიკაციას ჰქოდა ადგილი, აბსურდულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. არ გვგონია, რომ ამ განცხადების ავტორმა არ იცოდეს როგორ ფუნქციონირებს საჯარო რეესტრი. წილების ნასყიდობის შესახებ ინფორმაცია და ამისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი განთავსებისთანავე ხელმოსაწვდომი იყო ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

 

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მიზანი არ არის ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხება, ან მისი ფინანსური მდგომარეობის გაუარესება. ყველა ღონისძიება, რომელიც ჩვენს მიერ მოთხოვნილი იყო კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს – მოგვეხდინა მსგავსი ტიპის ფიქტიური გარიგებების და არაკეთილსინდისიერი მოქმედების შედეგად ტელეკომპანიის წილების ღირებულების ხელოვნური შემცირება და დამატებითი ფინანსური ვალდებულებით დატვირთვის პრევენცია.

 

საყურადღებო გარემოებაა, რომ სანამ ჩვენი განცხადების საფუძველზე ყადაღა დაედებოდა "რუსთავი 2"-ის ქონებას და მათ აეკრძალებოდათ დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება, "რუსთვი 2"-ს არაერთი ხელშეკრულება ჰქოდა დადებული საქართველოს საბანკო დაწესებულებებთან, რომლთაგანაც სხვადასხვა დროს მიიღო დიდი რაოდენობის სესხები. ტელეკომპანიის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების შესაბამისად, "რუსთავი 2"-ს ეკრძალებოდა ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება. ცალსახაა, რომ ის მოქმედება, რომლის განხორციელებას ცდილობდა ტელეკომპანიის მენეჯმენტი ბანკთან არსებული ხელშეკრულების პირობებსაც ეწინააღმდეგება.

 

ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, თუ ტელეკომპანიას სჭირდებოდა დამატებითი ფინანსური სახსრები, მზად ვიყავით შემხვედრი ნაბიჯები გადაგვედგა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ნაწილობრივ უარი გვეთქვა დაწესებულ შეზღუდვებზე. თუმცა არანაირი მოთხოვნა "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტისაგან არ მიგვიღია. მხოლოდ საჯაროდ კეთდებოდა ძალიან ზოგადი განცხადებები, რომ მათ დამატებით ესაჭიროებოდათ თანხები, თუ რისთვის, რატომ, რა მოცულობით – ამაზე არასოდეს კონკრეტული მითითება არ ყოფილა. ასეთი ზოგადი მოთხოვნის პირობებში, არათუ სასამართლოში მოდავე მხარე, არამედ არც ერთი საბანკო დაწესებულება არ მისცემდა უფლებას ტელეკომპანიას დამატებითი ფინანსები მოეპოვებინა, მით უმეტეს ოფშორული წყაროებიდან.

 

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ არც ამ ყადაღას, არც აგვისტოში დადებული ყადაღებს და აკრძალვებს არ გამოუწვევია "რუსთავი 2"-ის საქმიანობის შეფერხება. მოგეხსენებათ, რომ ტელეკომპანია შეუფერხებლად ფუნქციონირებედა დღემდე და დარწმუნებული ვართ, რომ ასე გაგრძელდება მომავალშიც.

 

მითითებული გარემოებები ცხადყოფს, რომ "რუსთავის 2"-ის მიერ გამართულ ბრიფინგზე გაჟღერებულ განცხადებები, რომლებშიც, ერთის მხრივ, საუბრია იმაზე, რომ "რუსთავი 2" არის ტელეკომპანია, რომელსაც ყოველთვის სჭირდება დამატებითი დაფინანსება, ვინაიდან ის არ არის მომგებიანი ორგანიზაცია, ხოლო, მეორე მხრივ, თითქოს გამოჩნდა ინვესტორი, რომელიც მზად არის ასეთ ორგანიზაციაში, რომელიც სასამართლო დავის პროცესშია და რომლის მიმართაც გამოყენებულია გარკვეული აკრძალვები და შეზღუდვები, მზად არის, დაბრუნების მოთხოვნის გარეშე, შეიტანოს 6 მილიონი დოლარი საწესდებო კაპიტალში, ისე, რომ მისი წილის გაზრდაც არ მოითხოვოს, აბსოლუტურად არადამაჯერებლად ჟღერს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ განცხადებები, რომლებიც გაკეთდა "რუსთავი-2" მენეჯმენტის მიერ "ტელეკომპანია საქართველოს" წილების გადაფორმების საკითხთან დაკავშირებით, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სასამართლოზე ზეწოლას, რაც ყოვლად დაუშვებელია", –  ნათქვამია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: