გიორგი კვირიკაშვილი:საქართველოს საკითხი ყოველთვის იქნება გაერო-ს მაღალი დონის დღის წესრიგში
საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და გაერო-ს გენერალურ მდივან ბან კი მუნს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს საკითხი ყოველთვის იქნება გაერო-ს მაღალი დონის დღის წესრიგში.
მისი თქმით, ბან კი მუნთან შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.
"საქართველოს პრემიერმა მას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ მძიმე ჰუმანიტარული ვითარების გამო, რაც საოკუპაციო ხაზზე ბოლოდროინდელი განვითარებების გამო შეიქმნა და ასევე იმ პრობლემებზე, რაც არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. პრემიერმა ხაზი გაუსვა აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენის აუცილებლობას და ამ მიმართულებით მთავრობის გეგმებსა და უკვე გადადგმულ ნაბიჯებს. ვისაუბრეთ ჟენევის მოლაპარაკებებზე, მისი მხრიდან აღინიშნა ამ მოლაპარაკებების მნიშვნელობა და ასევე გენერალურმა მდივანმა მკაფიო მხარდაჭერა გამოთქვა საქართველოს პოზიციისადმი ყველა იმ საკითხზე, რაც განიხილება ჟენევის ქოლგის ქვეშ. ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო და მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს საკითხი, მისი პრობლემები სულ იქნება გაერო-ს მაღალი დონის დღის წესრიგში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა