"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" სხვადასხვა ინსტიტუტის მიმართ მოქალაქეთა ნდობა გამოიკვლია
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" სხვადასხვა ინსტიტუტის მიმართ მოქალაქეთა ნდობა გამოიკვლია. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევაშია აღნიშნული, ორგანიზაცია 2015 წლის გაზაფხულზე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ფარგლებში ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა ინსტიტუტის მიმართ მოქალაქეთა ნდობის საკითხით დაინტერესდა.
გამოკითხვის თანახმად, ათი ინსტიტუტიდან ექვსის შემთხვევაში ნდობის შემცირების ტენდენცია შეინიშნება. მათგან ყველაზე მეტად, 2013 წელთან შედარებით, 2015 წელს მოქალაქეთა ნდობა პოლიციის მიმართ დაეცა. 2013 წელს გამოკითხულთა 53% ამბობდა, რომ სრულად (19%) ან ნაწილობრივ (34%) ენდობოდა პოლიციას, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 16% არის შემცირებული. კერძოდ, 2015 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად რესპონდენტების 37% ამბობს, რომ სრულად (12%) ან ნაწილობრივ (25%) ენდობა პოლიციას. ამავე დროს, 2015 წელს 12%-დან 19%-მდეა გაზრდილი იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც პოლიციას უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა (10%) ან საერთოდ არ ენდობა (9%). 2013 წელს ანალოგიური მაჩვენებელი, შესაბამისად, 7% და 5% იყო.
2013 წელთან შედარებით, 2015 წელს 6%-ით (25%-დან 19%-მდე) შემცირდა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც პარლამენტს სრულად ენდობა (7%) ან უფრო ენდობა ვიდრე არ ენდობა (12%). 2013 წელს ანალოგიური მაჩვენებელი, შესაბამისად, 7%-სა და 18%-ს შეადგენდა. 2015 წელს 2013 წელთან შედარებით 44%-დან 36%-მდეა შემცირებული იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც "პარლამენტს ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ არ ენდობა". ამავე დროს, 2015 წელს 13%-ით, 23%-დან 36%-მდეა გაზრდილი იმ რესპონდენტთა რიცხვი, ვინც პარლამენტს უფრო არ ედნობა, ვიდრე ენდობა (16%) ან საერთოდ არ ენდობა (20%). 2013 წლის შესაბამისი მაჩვენებელი 13% და 10% იყო.
2015 წელს 2013 წელთან შედარებით 4-4%-ით შემცირდა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციებს (26%-დან 22%-მდე) და ჟურნალისტებს (29%-დან 25%-მდე) უფრო ენდობიან ვიდრე არ ენდობიან ან სრულად ენდობიან.
2015 წელს 2013 წელთან შედარებით ზოგიერთი ინსტიტუტის მიმართ ნდობის ზრდის ტენდენციაც შეინიშნება. ყველაზე მეტად მოქალაქეთა ნდობა 2015 წელს პრეზიდენტის მიმართ არის გაზრდილი. 2013 წელს გამოკითხულთა 21% ამბობდა, რომ პრეზიდენტს სრულად ენდობოდა (10%) ან უფრო ენდობოდა, ვიდრე არ ენდობოდა (11%). 2015 წლის გამოკითხვის თანახმად, იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც პრეზიდენტს სრულად ენდობა (18%) ან უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა (24%) 2013 წელთან შედარებით 21% არის გაზრდილი და 42%-ს შეადგენს.
2015 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ასევე დაინტერესდა პრემიერ-მინისტრის მიმართ მოქალაქეთა ნდობის ხარისხით. გამოკითხვის თანახმად, პრემიერ-მინისტრს მოქალაქეთა 24% სრულად ენდობა (9%) ან უფრო ენდობა ვიდრე არ ენდობა (15%), 35% კი უფრო არ ენდობა ვიდრე ენდობა (14%) ან საერთოდ არ ენდობა (21%). 2013 წლის გამოკითხვისას რესპონდენტებისთვის ამავე კითხვით არ მიუმართავთ, ამიტომ პრემიერ-მინისტრისადმი ნდობის მაჩვენებელზე საუბრისას შედარების შესაძლებლობას მოკლებული ვართ.