ნოდარ ჯავახიშვილი: ფატალურად დასრულებული საგზაო შემთხვევების რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნების საშუალო დონეს აღემატება
რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა:
"საგზაო უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია ზოგადად მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით საქართველოსთვის, რადგან ფატალურად დასრულებული საგზაო შემთხვევების რაოდენობა ორჯერ აღემატება ევროკავშირის ქვეყნების საშუალო დონეს"
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას მართავს. მინისტრის ინფორმაციით, საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში შემუშავებულია 5-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც შესაბამისი ღონისძიებების გატარებას 2015-2020 წლებში ითვალისწინებს.
"ჩვენ მსოფლიო ბანკის დახმარებით შევქმენით სპეციალური ჯგუფი, სადაც მსხვილი ექსპერტებიც მონაწილეობენ. შემუშავებულია სტრატეგია და ამ სტრატეგიის განხორცილებისთვის 5-წლიანი გეგმა, რომელშიც კონკრეტული ღონისძიებები იქნება გაწერილი. სწორედ აღნიშნულ სტრატეგიასა და გეგმაზე სამსჯელოდ ვართ დღეს შეკრებილები", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.