მამუკა კაციტაძე:შეიძლება იფიქროთ, რომ თქვენ თავს "დეჟა ვუ" ხდება

მამუკა კაციტაძე:შეიძლება იფიქროთ, რომ თქვენ თავს "დეჟა ვუ" ხდება

ხელისუფლებები იცვლებიან, მაგრამ პრობლემები არ იცვლება, - ამის შესახებ "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, საარჩევნო რეფორმის საკითხზე, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. 

მამუკა კაციტაძემ შეხვედრაზე მიწვეულ სტუმრებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციური ძალების ხედვა გააცნო და სინანული გამოთქვა, რომ პოლიტიკურ უმცირესობას აღნიშნულზე საუბარი იმ ხელისუფლების პირობებშიც უწევს, რომელთა წარმომადგენლებიც თავის დროზე იგივე მოთხოვნით შიმშილობის აქციებსაც კი მიმართავდნენ. 

"სამწუხაროდ, ეს თემა არ ჩამოდის ქართული პოლიტიკის დღის წესრიგიდან. ხელისუფლებები იცვლებიან, მაგრამ პრობლემები არ იცვლება, პრობლემები კი პირდაპირ უკავშირდება საარჩევნო გარემოს, არჩევნებთან დაკავშირებულ თემებს და ყველაზე მნიშვნელოვანს - საარჩევნო სისტემას. საარჩევნო რეფორმის მოთხოვნით ჯერ კიდევ 1990 წელს თანამოაზრეებთან ერთად მე მომიწია შიმშილობისთვის - პროტესტის ამ ფორმისთვის მიმემართა კომუნისტი რეჟიმის წინააღმდეგ. შემდეგ იგივე ფორმა 2008 წელს იქნა გამოყენებული უკვე წინა ხელისუფლების წინააღმდეგ და დღეს უკვე ანალოგიური პრობლემების წინაშე ახალი ხელისუფლება გვამყოფებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ზუსტად იგივე საკითხებზე გვიწევს დღეს საუბარი. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოში ბოლო რამდენინე წელია, იმყოფებით ან ისე იცით, ჩვენ ქვეყანაში რაც ხდებოდა, შეიძლება იფიქროთ, რომ თქვენ თავს "დეჟა ვუ" ხდება, ვინაიდან ზუსტად იგივე საკითხები, იგივე პრობლემები, იგივე დაპირისპირებაა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, შედეგი კი გვაქვს ნული", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მისივე აზრით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში საარჩევნო რეფორმის 2016 წლისთვის გატარება მოესწრება. 

"ამბობენ, რომ რეფორმა 2016 წლის არჩევნებისთვიის ვერ მოესწრება. რა თქმა უნდა, ვერ მოასწრებ, თუ არაფერს გააკეთებ", - აღნიშნა კაციტაძემ და ხაზი გაუსვა, რომ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია 2016 წლის არჩევნების სამხარეო-პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: