ნინო ბურჯანაძე: დამნაშავე "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას არ ვაპირებთ!
ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ჩვენ ვითხოვთ პრაქტიკულად 2012 წლის არჩევნების მეორე დღიდან, მას შემდეგ რაც "ქართულმა ოცნებამ" უკანონო 40 % დაუფიქსირა "ნაციონალურ მოძრაობას", - ასე გამოეხმაურა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
"განსხვავებით "ქართული ოცნებისაგან", ჩვენ არც ერთ თემასთან დაკავშირებით არ ვაპირებთ დამნაშავე "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაციას, მათთან მოლაპარაკებებს და მით უმეტეს მათთან ერთად რაიმე ტიპის მოქმედებების განხორციელებას", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენა "ქართული ოცნების" მხრიდან ემსახურებოდა სწორედ იმ მიზანს, რომ მოსახლეობა ყოფილიყო მუდმივი შიშის ქვეშ არ მობრუნებულიყო დამნაშავე ორგანიზაცია ხელისუფლებაში.
"ქართულმა ოცნებამ" ეს გამოიყენა საპრეზიდენტო არჩევნებზეც, როცა ხალხმა "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნების შიშით ხმა მისცა "ოცნების" კანდიდატს, მაგრამ ამას ჩვენ არ დავუშვებთ საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენ ხალხის მხარდაჭერით ვუზრუნველვყოფთ, რომ "ქართული ოცნება" და დამნაშავე "ნაციონალური მოძრაობა" მოვაშოროთ ქართულ სახელმწიფოს," - აღნიშნა მან.