ნინო ბურჯანაძე: არც ერთ იმ ფორმატში, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" ინიციატორი და წამყვანი იქნება, მონაწილეობას არ მივიღებთ

ნინო ბურჯანაძე: არც ერთ იმ ფორმატში, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" ინიციატორი და წამყვანი იქნება, მონაწილეობას არ მივიღებთ

არც ერთ იმ ფორმატში, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" ინიციატორი და წამყვანი იქნება, მონაწილეობას არ მივიღებთ, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვერ ავუკრძალავთ "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც პარტიას, იყოს იმ ინტერპარტიული ჯგუფის წევრი, სადაც ყველა პარტია არის წარმოდგენილი, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა 20/30-ის ეთერში, იმ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, თუ რას იზამს "დემოკრატიული მოძრაობა", თუ ინტერპარტიული ჯგუფის სხვა წევრები ვადამდელი არჩევნების საკითხზე "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას დასთანხმდებიან. 

 

"ეს მათი უფლებაა. ასე შეიძლება ითქვას, რომ "ნაციონალური მოძრაობაა" იმ ჯგუფის წევრი, სადაც ჩვენ ვართ. თავიდან ჩვენი ინიციატივა იყო ამ ჯგუფის შექმნა და სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობა" არის იმავე ქვეყნის შვილები და წარმომადგენლები, რომლის შვილებიც ჩვენ ვართ. ბუნებრივია, "ნაციონალური მოძრაობის" გამო ვერ გადავსახლდებით საქართველოდან და ყველაფერზე უარს ვერ ვიტყვით. არც ერთ იმ ფორმატში, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" იქნება ინიციატორი და წამყვანი, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვერ ავუკრძალავთ "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც პარტიას, იყოს იმ ინტერპარტიული ჯგუფის წევრი, სადაც ყველა პარტიაა წარმოდგენილი", - განაცხადა ბურჯანაძემ. 

 

იგი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი არა "დემოკრატიულ მოძრაობას", არამედ ხელისუფლებას უნდა გადაეწყვიტა. 

"მეც ვიყავი ის ადამიანი, რომელიც ხმასაც ვაძლევდი "ქართულ ოცნებას", ვგულშემატკივრობდი და დიდი იმედით შევყურებდი. დღესაც ვგულშემატკივრობ როგორც ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფ ძალას, იმიტომ რომ არ მინდა, შეცდომა დაუშვას, მაგრამ როგორც პოლიტიკურ ძალას, ნამდვილად არ ვგულისხმობ. "ქართულ ოცნებას" უნდა უზრუნველეყო ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ ყოფილიყო ამ ტიპის პარტიული გაერთიანებების წევრი. თუ "ქართული ოცნება" მოახერხებდა იმას, რომ კოჰაბიტაციის ნაცვლად, "ნაციონალურ მოძრაობას" საერთოდ აკრძალავდა როგორც პარტიას და განსასჯელის სკამზე დასვამდა იმ ადამიანებს, ვისაც ეს ეკუთვნოდა, მაშინ ასეთი კითხვები საერთოდ არ დაისმებოდა და დღეს გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა "ქართული ოცნებაც" და ქვეყანაც, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ტრაგიკული შეცდომები იქნა დაშვებული", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: