თინათინ ხიდაშელი: პრეზიდენტსა და გენშტაბის უფროსს შორის არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა

თინათინ ხიდაშელი: პრეზიდენტსა და გენშტაბის უფროსს შორის არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს შორის ინციდენტი არ მომხდარა, როგორც ეს ზოგიერთ ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა.

 

აღნიშნულით მინისტრმა, ტელეკომპანია "კავკასიის" გადაცემა "ბარიერში" სტუმრობისას, ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში ვახტანგ კაპანაძესა და სამხედრო მოსამსახურე ვახტანგ დოლიძეს შორის მომხდარ ინციდენტზე განმარტება გააკეთა. 

 

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პირადად დაინტერესდა ვაშინგტონის ინციდენტის მონაწილე პირის, სამხედრო მოსამსახურის, ვახტანგ დოლიძის მიერ წამოჭრილი საკითხით და 2011 წელს მომხდარ ამბებთან დაკავშირებული დოკუმენტები გენერალური ინსპექციიდანაც გამოითხოვა.

 

"არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა პრეზიდენტსა და გენშტაბის უფროსს შორის. არათუ ჭიქების სროლა, სიტყვიერი შელაპარაკებაც არ ყოფილა. ჭიქა ისროლა ვახტანგ დოლიძემ, რომელიც ამჟამად აშშ-ში არა სამსახურებრივი მივლინებით, არამედ, საკუთარი ინიციატივით იმყოფება. ის არის პატივსაცემი ადამიანი, ავღანეთში არის დაჭრილი და უზარმაზარ პატივს ვცემ ასეთა დამიანებს. ვფიქრობ ისინი ცოცხალი გმირები არიან და მუდმივად ამ დამსახურების აღიარების მდგომარეობაში იქნებიან. თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ასეთ დროს განსაკუთრებულად მოგეთხოვება... იგი საუბრობს 2011 წელს მომხდარ ინციდენტზე და ამბობს, რომ საკითხი სათანადოდ არ გამოიძიეს. დავინტერესდი ამ საკითხით და გენერალური ინსპექციიდან მომიტანეს 2011 წლის ინციდენტთან დაკავშირებული სრული მასალა. უნდა შევისწავლო ეს მასალა და თუ გამოიკვეთა დარღვევა და ამ პროცესში მონაწილე ადამიანი დღემდე მუშაობს სამინისტროში, რა თქმა უნდა, ის პასუხს აგებს",- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობა, თავის მხრივ, ეკისრება სამხედრო მოსამსახურეებსაც და ვაშინგტონში მომხდარი ინციდენტის გამო ვახტანგ დოლიძემ, წესით, ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან ეს სამხედროსთვის უღირსი საქციელია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: