ვახტანგ ძაბირაძე: სავარაუდოდ, გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრობისთვის ემზადება
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილმა განცხადება პოლიტიკაში დარჩენის შესახებ ამერიკაში უბრალოდ არ გააკეთა.
როგორც ექსპერტმა გაზეთ "ახალ თაობათან" საუბარში განაცხადა, შეიძლება, შეიქმნას ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია ან გაერთიანება რაღაც ფორმით და მისი ლიდერი გახდეს გიორგი მარგველაშვილი.
"მე უფრო წარმომიდგენია მარგველაშვილის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის ბრძოლა. ამისთვის კი მან უნდა იმუშაოს, რომ პარტია შექმნას, თანამოაზრეების ჯგუფი შემოიკრიბოს. მე არ ვამბობ, რომ ის ამას 2016 წლის არჩევნებისთვის გააკეთებს. ეს უფრო შორეული პერსპექტივაა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ალბათ, მარგველაშვილი ამ ნაბიჯს გადადგამს, თუმცა, აქამდე სანამ მივა, პოლიტიკური ქულები უნდა დააგროვოს. მარგველაშვილმა უნდა შეძლოს, პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბდეს. ასეთ შემთხვევაში მას დიდი შანსი აქვს, სათავეში მოვიდეს" - აცხადებს ძაბირაძე.
მისივე თქმით, რაც შეეხება მარგველაშვილი-ალასანიას შესაძლო ალიანსს, ზოგადად თანამშრომლობას წინ არაფერი უდგას, მით უფრო, თუ მათ პოლიტიკურ ხედვებს, საგარეო ორიენტაციებს, ფაქტორებს გავითვალისწინებთ, მაგრამ, როდესაც ლიდერის საკითხი დადგება, პრობლემები გაჩნდება.
"ალასანიას პრეზიდენტობა უნდოდა. დღეს არა მგონია, ალასანიას პრეზიდენტობა უნდოდეს. არ გამოვრიცხავ, რომ ალასანიას უფრო პრემიერ-მინისტრობის ამბიცია აქვს, ვიდრე პრეზიდენტობის. ასევე ვფიქრობ, რომ მარგველაშვილის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთებული განცხადება სწორედ ამ ამბიციის დადასტურება იყო. მისი განცხადება ერთგვარი თადარიგის დაჭერა იყო და მინიშნება იმაზე, რომ ის არსად აპირებს წასვლას და აქტიურ პოლიტიკაში რჩება. ხომ წარმოუდგენელია, პრეზიდენტობის შემდეგ ექსპერტობას დაუბრუნდეს. სწორედ ეს გვითხრა ამერიკიდან" - განმარტა ექსპერტმა.