გულიკო ზუმბაძე: დავით ნარმანიას გადადგომის საჭიროება არ არსებობს!
თბილისის საკრებულოს წევრ გულიკო ზუმბაძის განცხადებით, დავით ნარმანიას გადადგომასთან დაკავშირებით, საკითხის დაყენება სწორი არ არის და ამის საჭიროება არ არსებობს.
როგორც ზუმბაძემ "პირველ პრესკლუბში" განაცხადა, თბილისის მერი თავის მოვალეობას თავს კარგად ართმევს, მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ მერიაში გარკვეული ხარვეზები მაინც არსებობს, კერძოდ ის, რომ ტენდერები არასათანადოდ ტარდება.
"დავით ნარმანია არის თბილისის მოსახლეობის მიერ არჩეული და მას თავისი უფლებამოსილების ვადა აქვს. თუკი სამსახურის ხელმძღვანელები იცვლებიან, ეს ჩვეულებრივი ლოგიკური და ბუნებრივი მოვლენაა. კარგად გვახსოვს, გასულ წლებში, წინა ხელისუფლების პერიოდში, მსგავსი ცვლილებები, თითქმის, არ ხდებოდა. საზოგადოება უნდა მიესალმებოდეს თუკი კადრების გადახალისება ხდება. ამდენად, ეს ჯანსაღი პროცესია. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უკეთესი კადრებით ჩანაცვლდებიან. მოთხოვნები საზოგადოების და საკრებულოს მხრიდანაც უფრო მკაცრია. შემოთავაზებულ კადრებს კი საკრებულო უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. ამავე დროს, უფრო მეტი პრეტენზია გვაქვს მერიის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, მათ ბევრად ეფექტურად უნდა იმუშაონ,"-განაცხადა ზუმბაძემ.
თბილისის საკრებულოს დეპუტატის განმარტებით, ტენდერების არასათანადოდ ჩატარება შესაძლოა, სატენდერო კანონმდებლობის ხარვეზებით იყოს გამოწვეული.
"მე, როგორც ერთ დეპუტატს, განცდა მაქვს, რომ ტენდერები არასათანადოდ ტარდება, როგორც მერიაში, ისე გამგეობების მხრიდან. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ რაიმე დანაშაული ხდება. შესაძლებელია ეს არის თავად სატენდერო კანონში, რომელშიც გარკვეული ხარვეზი არსებობს, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ იყოს სხვადასხვა კერძო ინტერესები ტენდერებში მონაწილე კომპანიების მხრიდან",-აღნიშნა გულიკო ზუმბაძემ.