"სი-თი პარკი" მოქალაქეებს მიმართავს

"სი-თი პარკი" მოქალაქეებს მიმართავს

"სი-თი პარკი" მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე იმისათვის, რომ არ გახდნენ პოლიტიკური პოპულიზმისა და პარტიული ინტერესების ნაწილი. 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით "სი-თი პარკი" განცხადბას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ. 

"კომპანია "სი-თი პარკისთვის" ცნობილი გახდა, რომ ბოლო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი მოქალაქეების ხელმოწერების გაყალბების შესახებ. საქმე ეხება ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიისთვის გადაცემულ რწმუნებულებებზე დატანილი ხელმოწერების გაყალბებას. როგორც მოქალაქეების განცხადებებიდან ირკვევა, პოლიტიკური პარტიის წამომადგენლები კომპანიის ავტოსადგომთან მძღოლებს სთავაზობდნენ ევაკუაციის და ჯარიმის გასაჩივრებას, ასევე გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. თუმცა, მოქალაქების განცხადებით, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელების შეთავაზებაზე უარის თქმის მიუხედავად, რწმუნებულებებზე გაყალბებული ხელმოწერები დაიტანეს. ამის შესახებ კი მათთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც საჩივრის ზეპირი მოსმენისთვის ისინი სხდომაზე დაიბარეს. ამასთან, როგორც გაირკვა, პარტია ამ ხელმოწერებს პოლიტიკური მიზნებისთვისაც იყენებდა და პოლიტიკური აქტივის გაზრდისთვის მათ როგორც პარტიის კორდინატორებს ისე აფიქსირებდა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. 

 

აქვე კომპანიას სურს ხაზი გაუსვას, რომ ყველა მოქალაქეს, რა თქმა უნდა, აქვს კონსტიტუციური უფლება მოითხოვოს ჯარიმის ან ავტომობილის სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანის გასაჩივრება. თუმცა, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, "სი-თი პარკი" მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე იმისათვის, რომ არ გახდნენ პოლიტიკური პოპულიზმისა და პარტიული ინტერესების ნაწილი. 

 

აქვე მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რომ საჯარიმო სადგომზე გადაცემული 10-ლარიანი ჯარიმის გადახდის ვადა არის 30 კალენდარული დღე. შესაბამისად, თუკი ამ ვადაში არ მოხდა ჯარიმის გადახდა ან არ იქნა მიღებული ჯარიმის გაუქმების გადაწყვეტილება, მოქალაქეს დაეკისრება საურავი", - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: