დიმიტრი ხუნდაძე: რესურსით, რაც დღეს ქვეყანას გააჩნია 2016 წელს პენსია უნდა გაიზარდოს
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ოპონენტების მხრიდან გაჟღერებული ფრაზა, რომ პენსია მხოლოდ 10 ლარით გაიზარდა, რეალობას არ შეესაბამება. ამის შესახებ ხუნდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე განმარტა, თუ ვის რამდენი ლარით გაეზარდა პენსია 2012 წლის შემდეგ.
"ჩვენმა ოპონენტებმა დაამკვიდრეს ტერმინი, თითქოს 10 ლარით მოხდა პენსიის ზრდა. მინდა, განვმარტო, რომ 2012 წლიდან 2015 წლის ჩათვლით 400 მლნ-ით გაიზარდა საპენსიო გასაცემელი და ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს, რომ მხოლოდ 10 ლარით გაიზარდა პენსია. 10 ლარით გაიზარდა პენსია მესამედ. თავდაპირველად იყო 110-125 ლარი, ასაკის მიხედვით. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის კი პენსია იყო 100 ლარი. შშმ პირების 100-ლარიანი პენსია გაიზარდა 160 ლარამდე. შშმ ბავშვებისთვის 100-ლარიანი პენსია ასევე გახდა 160 ლარი. 110 ლარი პენსია ვისაც ჰქონდა, ანუ 65-67 წლის პენსიონერებს, აქვთ დღეს 160 ლარი პენსია. ასევე, ვისაც ჰქონდა 125 ლარი პენსია, გაუხდა 160 ლარი. არსად არ არის 10-ლარიანი მატება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის პენსია, რომელიც უზრუნველყოფს უზრუნველ სიბერეს თითოეული ხანდაზმულისათვის, მაგრამ ყველაფერი დაკავშირებულია იმ რესურსებთან, რომელიც ქვეყანას გააჩნია.
ასევე სოციალურად დაუცველთათვის არსებობს დამატებითი სოციალური შემწეობები. სოციალურად დაუცველი პენსიონერისათვის ეს შემწეობა, ერთად აღებული, არის 160+60 ლარი. არც ეს არის საკმარისი, მაგრამ აქაც უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები", - აღნიშნა ხუნდაძემ.
როგორც დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, 2012 წლიდან დღემდე გაზრდილი პენსიები საკმარისი არ არის და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული რესურსი პენსიების ზრდის საშუალებას კვლავ იძლევა.
"ვფიქრობ, იმ რესურსით, რაც დღეს ქვეყანას გააჩნია, შეიძლება მოძებნა და უნდა მოიძებნოს რესურსი, რომ მომავალ წელსაც მოხდეს პენსიების ზრდა. მიმდინარეობს ამ საკითხზე კონსულტაციები. ვფიქრობ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა ნაჩქარევი განცხადება, როდესაც თქვა, რომ 2016 წელს პენსიები არ გაიზრდება. აღნიშნული საკითხი პარლამენტში, ყველა კომიტეტში ჯერ არ განხილულა. ამიტომ ჯერ ასეთი განცხადების გაკეთება არასწორად მიმაჩნია", - განაცხადა ხუნდაძემ.