გიორგი მარგველაშვილი: ჩვენთან გუნდში მოდის კვალიფიციური და სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების ადამიანი
ჩვენთან გუნდში მოდის ძალიან კვალიფიციური და სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ახალი მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ფიქრია ჩიხრაძეს აქვს ძალიან შთამბეჭდავი და ხანგრძლივი პოლიტიკური წარსული.
"მე, ფიქრია მახსოვს სტუდენტობიდან, დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც ჩართული ვიყავით ყველანი პოლიტიკაში. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან ინტენსიური პოლიტიკური გამოცდილება და ძალიან კარგი პოლიტიკური კონტაქტები. ბუნებრივია, ფიქრია იმუშავებს პრეზიდენტის ინსტიტუტში და პრეზიდენტთან მიმართებაში. ჩვენ ერთად ვისაუბრებთ და დავგეგმავთ იმ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, რომელიც საქართველოს წინაშე დგას იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რაც საქართველოს აქვს. მინდა ხაზი გავუსვა ჩვენ სრულ ღირებულებით თანხმობას, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საკითხს ჩვენ ერთნაირად ვუყურებთ, იმას რაც უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, იმ პროცესებს, რომელიც უნდა განხორციელდეს, მაგრამ ამავე დროს ჩვენი თანამშრომლობა იქნება ერთმანეთის შემვსები, რადგან ჩვენთან გუნდში მოდის ძალიან კვალიფიციური და სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი", - განაცხადა პრეზიდენტმა.