რატომ მიმართავს პაატა სალია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დღევანდელ ხელმძღვანელობას?

რატომ მიმართავს პაატა სალია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დღევანდელ ხელმძღვანელობას?

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია მიმართავს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დღევანდელ ხელმძღვანელობას და გადაცემა "არჩევანის" მონაწილეებს:

 

"გუშინ საღამოს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წარმომადგენელმა შემატყობინა, რომ მიწვეული ვარ თოქ-შოუ "არჩევანში" სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მზად ვარ, როგორც ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პასუხი გავცე საზოგადოებისათვის საინტერესო ყველა კითხვას საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების თაობაზე, გადაცემის ანონსის გაცნობის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ არ მივიღო მონაწილეობა იმ ფარსში, რომელსაც გეგმავს "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტი.

 

ანონსიდან ერთმნიშვნელოვნად ცხადი ხდება, რომ გადაცემას აშკარად პოლიტიკური ხასიათი აქვს, თუმცა მასში არ არიან მოწვეული განსხვავებული აზრის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და პოლიტიკოსები. ანონსიდან ასევე აშკრად იკვეთება, რომ არხის მცდელობაა, ფაქტების ფაბრიკაციის გზით საზოგადოებისათვის წინასწარ იქნეს მოხვეული თავს არხის მესვეურთათვის სასურველი აზრი. როგორც ადვოკატი, არ ვაპირებ, მონაწილეობა მივიღო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებულ დებატებში. მითუმეტეს, რომ არაერთხელ აღვნიშნე - ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ მცდელობას, კერძო ხასიათის დავა დაუკავშირდეს პოლიტიკურ პროცესებს. ყველა ჩვენი მოქმედება მიმართულია სადავო საკითხების მხოლოდ სამართლებრივი გზით გადაწყვეტისაკენ და არ ისახავს მიზნად არხის საქმიანობის შეჩერებას. უდავოა, რომ ტელეკომპანია ჩვეულ ფორმაში აგრძელებს მაუწყებლობას და ამ კუთხით მას არანაირი პრობლემა არ შექმნია. მე ასევე არ ვაპირებ ვიასუბრო იმ აბსურდზე, თითქოს რაიმე სახის გარიგება არსებობდა ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის. ასევე მიუღებელია ჩემი მარწმუნებლის ხელისუფლებისა და პროკურატურის მარიონეტად წარმოჩენის მცდელობა, ისეთ ვითარებაში, როდესაც არხის დღვანდელი რეალური მფლობელების მიერ მის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულის გამოძიების კუთხით, პროკურატურის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

 

აღმაშფოთებელია ის არნახული ზეწოლა, რომელიც არხის მიერ ხორციელდება სასამართლოს მიმართ და სცდება ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებს. "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტი აბსურდული და ისტერიული განცხადებების მიზანი ერთადერთია - მოახდინონ სასამართლოს დისკრედიტაცია.

 

კიდევ ერთხელ მივმართავ არასამთავრობო სექტორს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ქართულ და უცხოურ მედიას, ყველა დაინტერესებულ პირს, მობრძანდნენ სასამართლოში და უშუალოდ ადევნონ თვალი პროცესის მიმდინარეობას. ტელეკომპანიის დღევანდელ მესვეურებს რომ საკმარისი სამართლებრივი არგუმენტები ჰქონდეთ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ, მათი მოქმედებები მიმართული იქნებოდა საქმის მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტისაკენ სასამართლოს მიერ და არ განხორციელდებოდა შეტევა სასამართლოზე უკანონო და დაუშვებელი მეთოდებით. ამ ისტერიული ფონის გამოყენებით, არხის ხელმძღვანელობა ცდილობს, საზოგადოების ყურადღების მიღმა დატოვოს ის უდავო ფაქტი, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში სამი ინსტანციისგან შედგება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ნებისმიერ შემთხვევაში, ზემდგომი სასამართლოს განხილვის საგანი გახდება, სადაც საქმეს სამი მოსამართლე იხილავს.

 

რაც შეეხება საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტებს, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მზად ვარ, სასამართლოში დავამტკიცო ჩვენი პოზიციის სისწორე, პასუხი გავცე სასამართლოს და მოწინააღმდეგე მხარის ყველა შეკითხვას, ასევე დავუსვა "რუსთავი 2"-ის ნომინალურ მფლობელებს ის შეკითხვები, რომელზეც მათ ძალიან გაუჭირდებათ პასუხის გაცემა. შევხვდებით სასამართლოში!

P.შ. გთხოვთ, ჩემი პოზიცია უცვლელად გააცნოთ საზოგადოებას", - ნათქვამია სალიას განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: