დიმიტრი ქუმსიშვილი: თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს ღირსეულად ვუმასპინძლებთ!

დიმიტრი ქუმსიშვილი: თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს ღირსეულად ვუმასპინძლებთ!

დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პარლამენტში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაათვალიერა, სადაც 15-16 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.

 

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მუშაობაში 31 ქვეყნის 1000-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი ტარდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით საქართველოს მთავრობის ორგანიზებითა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის თანაორგანიზებით. 

 

ფორუმი ორ ლოკაციაზე - საქართველოს პარლამენტსა და რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის შენობებში ჩატარდება. დიმიტრი ქუმსიშვილმა ორივე მათგანი დაათვალიერა და ჩატარებული საოგანიზაციო სამუშაოებით კმაყოფილი დარჩა. მისი განცხადებით, მომზადებული დეკორაციები ლამაზი და შთამბეჭდავი გამოვიდა. მინისტრმა ასევე აღნიშნა ფორუმის მოდერატორები, რომლებიც მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტები არიან.

 

"ვფიქრობ, ჩვენ ღირსეულად ვუმასპინძლებთ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს. ის სარგებელი, რომელიც მან ჩვენს ქვეყანას უნდა მოუტანოს, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ. საქართველო მზადაა სტუმრების მისაღებად," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.  

 

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი პირველი ღონისძიებაა ჩინეთის საზღვრებს გარეთ, რომელიც აბრეშუმის გზის თემატიკაზე ჩატარდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ფორუმზე განხილული იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც აბრეშუმის გზის შემადგენელი ქვეყნების ეკონომიკებს შეეხება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: