პეტრე მამრაძე: ვინ შეიძლება გადალახოს ბარიერი?

პეტრე მამრაძე: ვინ შეიძლება გადალახოს ბარიერი?

"მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს "რეპორტიორთან" ინტერვიუში აფასებს:

 

- ბატონო პეტრე, გაირკვა, რომ საქართველოსა და "გაზპრომს" შორის გარკვეული სახის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თქვენი აზრით, დღესდღეობით საქართველოს სჭირდება თუ არა გაზის დამატებითი რესურსი და იქნება თუ არა "გაზპრომი" საიმედო პარტნიორი?

 

- "ქართული ოცნება" ისე მოქმედებს, თითქოს სპეციალურად უნდათ, რომ არაკეთილმოსურნე ადამიანებს სალაპარაკო მისცენ. "გაზპრომისგან" გაზს ყიდულობს მთელი ევროპა, აზერბაიჯანიც კი და მეტსაც გეტყვით, უკრაინა, რომლის ტერიტორიაც ანექსირებულია, გაზს ყიდულობს "გაზპრომისგან". თუ "გაზპრომი" აცხადებს, რომ უნდათ გაზარდონ გაზის მიწოდება სომხეთისთვის, იმ მილით, რომელიც საქართველოზე გადის და ავტომატურად ჩვენი წილიც გაიზრდება, ეს უნდა ითქვას დროულად. ხელისუფლებას უნდა დაესწრო ნებისმიერი ოპონენტისა თუ მტრისთვის ამის საჯაროდ თქმა.

 

თორემ, მაშინ "თელასი" ვისია, თუ არა რუსეთის? როგორ მოხვდა რუსეთის ხელში საქართველოში არსებული თითქმის ყველა ღირებული ენერგოობიექტი? როგორ გააფორმეს ნაცებმა 2008 წლის ომის შემდეგ საიდუმლო მემორანდუმი რუსეთთან, ენგურჰესთან დაკავშირებით? ამ კითხვებზე დღემდე არაა პასუხი გაცემული. მილს, რომელიც სომხეთს გაზს აწვდის რუსეთიდან, სააკაშვილი ყიდდა და მხოლოდ მაშინ შეჩერდა, როდესაც ამერიკელებმა გამოაცხადეს პროტესტი. მილი მათი გარემონტებული იყო, მილიონობით დოლარი დახარჯეს ამაზე და ეს მილი ხელშეკრულებით დიდი ხნის მანძილზე არ უნდა გაყიდულიყო. "საქართველოს რკინიგზას" ლონდონის ბირჟაზე ყიდდა სააკაშვილი. ვინ შეიძენდა ამ რკინიგზას რუსეთის გარდა, როდესაც აფხაზეთში გაყვანილია რკინიგზა და სომხეთის რკინიგზაც რუსეთის ხელშია. აქაც უცხოელების ჩარევამ უფრო იმოქმედა, ვიდრე ჩვენმა ყვირილმა. მაგრამ მაშინ სააკაშვილი ფლობდა სამივე ეროვნულ ტელევიზიას და ქმნიდა საზოგადოებრივ აზრს.

 

დღეს სხვა ვითარებაა და სხვა მოქმედებებია. როდესაც ხმაური იწყება და შემდეგ მიდის პრემიერ-მინსიტრი აზერბაიჯანში, ესეც პირდაპირი არგუმენტია ოპონენტებისთვის, რომ ვითარების გამოსასწორებლად გაიქცა პრემიერი. როდესაც იწყებ "გაზპრომთან" მოლაპარაკებას, ჯერ შენს სტრატეგიულ პარტნიორს უნდა დაელაპარაკო. თუ წასვლაა, ჯერ მასთან უნდა წახვიდე.

 

- "ნაციონალური მოძრაობა" ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. ემხრობით თუ არა მათ მოთხოვნას?

 

- მიმაჩნია, რომ ნაცების მხრიდან ეს მოთხოვნა მხოლოდ პოლიტიკური ხრიკია. თუ ვინმემ იცის საქართველოს კონსტიტუცია და ის პირობები, რომლის დროსაც ინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ეს მათ იციან. დღევანდელი მოქმედი კონსტიტუცია მათი შექმნილი და შელახულია. ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს და არავის ნებაზე არაა არჩევნების ჩატარება დამოკიდებული.

 

აქვე მინდა შევეხო საარჩევნო სისტემას. ამასწინათ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი განცხადება. მოგეხსენებათ, როგორც იქნა შეიცვალა კოდექსი მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. მაგრამ ძალაში შევა 2020 წლის არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია უკმაყოფილება. უსუფაშვილმა კი თქვა, რომ თავად მომხრეა, რომ 2016 წელს შევიდეს ძალაში ცვლილებები, მაგრამ ამ შემთხვევაში, კოალიცია "ქართული ოცნება" დაიშლება. ამით დაადასტურა, რომ კოალიციაში ძირითადად არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ ინტერესებზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე ქვეყნისაზე.

 

- ხედავთ თუ არა ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალას 2016 წლის არჩევნებისთვის?

 

- ნამდვილად არა. ყველა ცნობილი მეცნიერი, ვინც საქართველოში არსებულ ვითარებას იკვლევს, აცხადებს, რომ ჯერჯერობით საქართველოში პოლიტიკური პარტიები არ შექმნილა. შექმნის პროცესიც არ დაწყებულა. ეს თავად საზოგადოებაში არსებული ვითარებიდან გამომდინარეობს. საზოგადოება ჯერ არ არის სტრუქტურირებული იმდენად, რომ შეიქმნას კლასიკური გაგებით პოლიტიკური პარტია. დღესდღეობით არსებობს დაჯგუფებები. ყველას ჰყავს თავისი ატამანი, ცნობადი სახეები და გეგმაში აქვთ ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება ნებისმიერ ფასად. ძალაუფლება ნიშნავს ფინანსურ, ეკონომიკურ და სხვა მატერიალურ რესურსებს. ჩვენთან ვისაც ძალაუფლება აქვს, ის აკონტროლებს პროკურატურას, სასამართლოს, საგადასახადო ინსტიტუტებს და ა.შ. მას შეუძლია თავისი ბიზნესი ააყვაოს, თუნდაც სხვების ხარჯზე. ამაზე მიდის ბრძოლა.

 

ვინ შეიძლება გადალახოს ბარიერი? რა თქმა უნდა, კოალიცია "ქართულმა ოცნებამ", "ნაციონალური მოძრაობა" სტაბილურად ინარჩუნებს თავის 8-10 %-ს. ბარიერი შეიძლება გადალახონ ასევე ბურჯანაძის პარტიამ და "პატრიოტთა ალიანსმა".

 

- მედიასივრცეში განვითარებულ მოვლენებზე რა აზრის ხართ?

 

- უნდა გავიხსენოთ, როგორ გადაება ერთმანეთს ყველაფერი. იყო მომენტი, როდესაც "მაესტროდან" წავიდნენ ჟურნალისტები და სანაიამ განაცხადა, რომ მას პირდაპირ უთხრეს ტელეკომპანიის მფლობელებმა, რომ მისი ყოველი გადაცემის შემდეგ ხელმძღვანელობას ხელისუფლებასთან პრობლემები ექმნებოდა. იყო სხვა განცხადებებიც მაშინ.

 

"რუსთავი 2" რომ იყო და დარჩა სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების რუპორად, გასაგებია. იმის თქმა, რომ "რუსთავი 2" დამოუკიდებელი ტელევიზიაა, ცინიზმია, მაგრამ დამოუკიდებელია ხელისუფლებისგან. 2004 წლის ზაფხულში დაეპატრონა სააკაშვილი "რუსთავი 2"-ს. ვისზე გადაწერეს, ქიბარ ხალვაშზე თუ შემდეგ სხვაზე, ეს გრძელი ისტორიაა. მაგრამ რას უცდიდა ხალვაში ამდენი ხანი კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, რომ ეს საქმე დაეწყო?

 

ასევე დაიხურა თოქ-შოუები "იმედზე". ეკა მიშველაძის გარშემო ატყდა ხმაური, რომ თურმე ქმარი ჰყავს პოლიტიკოსი. ამ კონტექსტში, "რუსთავი 2"-ის გარშემო ატეხილი ამბით, რა თქმა უნდა, დაინტერესდება ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. ფაქტია, დღეს ვერავის დაუმტკიცებ, რომ ეს არ მოდის ხელისუფლებისგან. სახელის გატეხას, მოგეხსენებათ, რომ თავის გატეხა სჯობია. ამ შემთხვევაში კი სახელი უკვე გატეხილია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: