ფატუ ბენსუდა : აღნიშნული კონფლიქტის კონტექსტში ადგილი ჰქონდა ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს
ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ცნობით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილ ერთ-ერთ დანაშაულად ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნას მიიჩნევს.
"პროკურორის აზრით, არსებობს გონივრული საფუძველი, ვირწმუნოთ, რომ აღნიშნული კონფლიქტის კონტექსტში ადგილი ჰქონდა ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, რაშიც იგულისხმება ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნის კამპანია და მშვიდობისმყოფელებზე ქართველი და ოსი შეიარაღებული ძალების თავდასხმები.
პროკურორის ოფისში არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ და რუსეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე წევრის შესაძლო მონაწილეობით მოსახლეობის იძულებით გადაადგილების შედეგად 51-დან 113-მდე ეთნიკური ქართველი სამოქალაქო პირი დაიღუპა. აღნიშნული კამპანიის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა ის, რომ 13 400-დან 18 500-მდე ეთნიკური ქართველი იძულებით იქნა გადაადგილებული და 5 000-ზე მეტი ქართველის კუთვნილი საცხოვრებელი განადგურდა. არსებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურორის ოფისი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ და სხვა სამართლდარღვევებს, როგორიცაა მაროდიორობა და სამოქალაქო მოსახლეობის ქონების მასობრივად განადგურება, ფართომასშტაბიანი ხასიათი ჰქონდა და წარმოადგენდა სამხრეთ ოსეთიდან ეთნიკური ქართველების განდევნის გეგმის ნაწილს. შედეგად, პროკურორის შეფასებით, ეთნიკური ქართველი მოსახლეობის რაოდენობა კონფლიქტის ზონაში შემცირდა მინიმუმ 75 პროცენტით", - ნათქვამია ჰააგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.