რა ანგარიში წარადგინა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა?
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში რომელიც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული , საქართველოში 2014 წელს, რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობაა მიმოხილული.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლებას უზრუნველყოფს და სახელმწიფოს ეკლესიისგან მიჯნავს, "კანონი და პოლიტიკა უპირატესობას ანიჭებენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და აძლევენ ისეთ პრივილეგიებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის".
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგია და მოქმედებების შესაბამისი გეგმა შეიმუშავა, რომელიც რელიგიური შემწყნარებლობის ხელშეწყობასა და რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის ბრძოლისკენაა მიმართული.
"საქართველოს მთავრობამ 2014-2020 წლის ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგია მიიღო, რომლის თანამადაც, რელიგიის თავისუფლება და რელიგიური უმცირესობების დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტია. საქართველოს მთავრობამ ასევე მიიღო 2014-2016 წლის მოქმედებათა გეგმა, რომლის ამოცანებში რელიგიური დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო გარანტიების შექმნა, რელიგიური სიძულვილისა და შეუმწყნარებლობის ნიადაგზე განხორციელებული დანაშაულის აღკვეთა და ეფექტური გამოძიება, საჯარო სექტორში სეკულარიზმის პრინციპის განმტკიცება, საგანმანათლებლო სისტემის საშუალებით რელიგიური თანასწორობის ხელშეწყობა და საზოგადოების ინფორმირებულობისა და ტოლერანტობის დონის გაზრდაა", - ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნას, დოკუმენტში წერია, რომ სააგენტო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რელიგიური ჯგუფების კრიტიკის საგანი გახდა იმის გამო, რომ აღნიშნულ უწყებაში რელიგიური უმცირესობები წარმოდგენილნი არ არიან, სააგენტო კი, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გამჭვირვალე არ არის.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება 4 რელიგიური ჯგუფისთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სხვა რელიგიური და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი იყო. მათი მოსაზრებით, რელიგური ჯგუფების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე არ იყო.
რელიგიური უმცირესობები ასევე იტყობინებიან, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციას აქვს ადგილი.
"იეჰოვას მოწმეები იტყობინებიან, რომ გაიზარდა ფიზიკური თავდასხმებისა და დევნის ფაქტები, მათ შორის ერთ-ერთი ინციდენტის დროს, ადამიანი, დაპირისპირების შედეგად მიღებული ტრავმებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა", - აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, "რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომლის თანახმად, ისინი ქვეყნის კულტურული ფასეულობებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ და ამბობენ, რომ რელიგიური საქმიანობაში წინააღმდეგობებს აწყდებიან.
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები ხელს უწყობენ საზოგადოების მტრულ დამოკიდებულებას რელიგიური უმცირესობებისადმი.
ვრცელდებოდა ინფორმაცია სარწმუნოების იძულებითი წესით შეცვლაზე და პოლიციასა და რელიგიურ აქტივისტებს შორის ძალადობის სულ მცირე ერთ ინციდენტზე", - ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის ავტორები წერენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, რომ მან რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი ძალადობრივი ინციდენტები ეფექტურად გამოძიება ვერ შეძლო.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთავრობამ არ დაუბრუნა ან არ შეინარჩუნა საკუთრება, რომელიც, რელიგიური უმცირესობების განცხადებით, მათ ეკუთვნოდა.
ანგარიშის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ რეგისტრაციის გავლის პროცესში, რელიგიურ ორგანიზაციებს წინააღმდეგობა არ ჰქონიათ და საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა აბსოლიტურად ყველა რელიგიური ორგანიზაცია, რომელმაც ამის სურვილი გამოთქვა.
დოკუმენტის ავტორები ცალკე თავს უძღვნიან "მეამბოხეების, გარე ძალებისა და ტერორისტული ორგანიზაციების მიერ ჩადენილ დანაშაულს".
აღნიშნულ თავში წერია, რომ "აფხაზეთში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, ბაპტისტებს, ლუთერანებსა და კათოლიკეებს რელიგიური საქმიანობის საშუალება აქვთ. სამხრეთ ოსეთში კი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ აკრძალა რელიგიური მსახურება ნულის და ერედვის ქართულ სოფლებთან მდებარე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებში".
"სამხრეთ ოსეთში, "იეჰოვას მოწმეებს" ოფიციალურად არ აღიარებენ და რელიგიურ მსახურებებს ფარულად ატარებენ. ისინი დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან იდევნებიან. ახალგორში, ადგილობრივი ხელისუფლება კვლავ ხელს უშლის "იეჰოვას მოწმეებს" რელიგიური ღონისძიებების ჩატარებაში და მათი ლიტერატურა ექსტრემისტულად აღიარა. აფხაზეთში "იეჰოვას მოწმეები" ოფიციალურად აკრძალეს.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეთ მცხოვრები ადამიანები კვლავ აწყდებიან სირთულეებს ადმინისტრაციული საზღვრების გადაკვეთისას და ოჯახის წევრების საფლავების მონახულებისას, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთში.
"მეშვიდე დღის ადვენტისტები" იტყობინებიან, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჰყავთ ეკლესიის წევრები, თუმცა მათ ვერ ეკონტაქტებიან. ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტაძრები ჰქონდათ, მაგრამ ტაძრები რუსეთის ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ მოქმედებდნენ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება კვლავ განაგრძობს სარესტავრაციო სამუშაოებს საქართველოს მართლადიდებელი ეკლესიის ტაძრებში, მათ შორის გუდაუთაში მდებარე ლიხნის მონასტერში", - ნათქვამია ანგარიშში.