დაიხურება თუ არა „რუსთავი-2“?!

დაიხურება თუ არა „რუსთავი-2“?!

„მომავალი არჩევნები ჩატარდება ან „რუსთავი-2“-თან ერთად, ან საერთოდ არ ჩატარდება“ _ იმუქრება ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია!

 

გვარამიას მუქარაში აშკარად იკითხება, რომ ისინი ყველანაირად შეეცდებიან ქვეყანაში დესტაბილიზაციის აგორებას და სიტუაციის მაქსიმალურად გამწვავებას, რაც ადვილად შესაძლებელია უმართავ ქაოსში გადაიზარდოს.

 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „რუსთავი-2“ თავისი იდეოლოგიით და გამოხატვის ფორმით შუაზე გაჭრილი „ნაციონალური მოძრაობაა“, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ჯერ კიდევ ცოცხალია და საზოგადოებაზე ზემოქმედების უტყუარ (გამოცდილ) ინსტრუმენტს ეფექტურად იყენებს!

 

როცა „ნაცმოძრაობას“ ვახსენებთ, ვგულისხმობთ იმ ბნელ (გარეშე) ძალებსაც, რომელ ძალებზეც იდგა 9 წლის მანძილზე ყოფილი რეჟიმი და რომელი ძალებიც დღესაც ყოველნაირად ცდილობენ მის რეანიმაციას!

 

რაც არ უნდა მწარედ (არაკოლეგიალურად) ნათქვამად მოგვეჩვენოს, გვარამიას ზემოთ ხსენებული სიტყვების შემდეგ ძნელია „რუსთავი-2“ თავისუფალ მედია-საშუალებად აღიქვა. თვით მისი სიტყვებიც კი „მომავალი არჩევნები ან „რუსთავი-2“-თან ერთად ჩატარდება, ან საერთოდ არ ჩატარდება“ _ ნიშნავს იმას, რომ ტელეკომპანია დესტრუქციულ ფუნქციას კისრულობს და როგორც 2003 წლის ნოემბერში, ახლაც ცდილობს რევოლუციის მებაირახტრის მანტია მოისხას!..

 

ჩემამდე ვერ დადის, როგორ ემუქრება საფრთხე თავისუფალ სიტყვას მაშინ, როცა ტელეკომპანიის „რევოლუციურად“ აღგზნებული დირექტრი საკუთარ თავს აძლევს უფლებას არჩევნების ჩატარება-არჩატარების ვერდიქტი თვითონ გამოიტანოს და საზოგადოებას არაფერი დაეკითხოს?

 

ან როგორ შეიძლება თავისუფალ სიტყვასთან გაიგივდეს „რუსთავი-2“, მაშინ, როცა მის უმთავრეს ფუნქციად არა საზოგადოების ინფორმირება და ობიექტური საინფორმაციო ველის შექმნა, არამედ, ხელისუფლების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდებაა.

 

სხვათაშორის, ყველა მათ მუქარაში ეს იკითხება. სულ სხვა თემაა, რამდენად ჯდება ზნეობის ჩარჩოში (ობიექტურობაზე რომ არაფერი ვთქვათ) ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც „რუსთავი-2“-ის მამამთავრები ატარებენ.

 

პირდაპირ უნდა ითქვას: „რუსთავი-2“ არა თავისუფალი მედია საშუალება, არამედ ვიწრო პარტიული (ანტიქართული) რუპორია, რომლის მისია არანაირად არ ჯდება სახელმწიფოს ინტერესებში.

 

მე არ ვარ მომხრე რომელიმე მედია-საშუალების შევიწროვების, მითუმეტეს, დახურვის, მაგრამ, როცა ბუზიდან სპილოს გამოყვანას ცდილობენ და ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებენ, ხელისუფლებამ ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რომ დესტრუქციული პროპაგანდის მანქანა ან საერთოდ გაჩუმდეს, ან ცივილიზებულ კალაპოტში მოექცეს - სიტყვის თავისუფლება ყველაფრის უფლებას არ ნიშნავს!

 

მეორეც, საიდან მოაქვთ, რომ „რუსთავი-2“ იხურება. სასამართლოს კომპეტენციაში ვერ შევალთ, არც იმის მტკიცება შეგვიძლია ვინ არის „რუსთავი-2“-ის ნამდვილი მესაკუთრე, მაგრამ თუ ტელეკომპანიის მესაკუთრეთა და გროშებად დახურდავებულ ჟურნალისტთა ქმედება (მათი პროპაგანდისტული პოლიტიკა) ეთიკის და სამართლებრივი სივრცის ყველა ზღვარს არ გადაცდა, თვითონ საზოგადოება არ დაუშვებს მის დახურვას!

 

ასე, რომ ნუ ეძებთ კატას ბნელ ოთახში, როცა ის იქ არ არის!

 

დაიჯერეთ, ვერ გახდება „რუსთავი-2“ ახალი „ნაციონალური“ რევოლუციის მებაირახტრე!

 

ანდრია ლისაშვილი

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: