ზვიად ნოდია: სულით მონა არ უნდა იყო!
ეს რა დღეშია ადამიანი... არ გინდოდა ყოფნა სამოთხეში, ღმერთის სიმშვიდეში?
აჰა, ესეც უღმერთო ცხოვრების ნაყოფი - ე.წ. "ციხის კადრები" - როგორ შეიძლება მისი გადაღება ან ჩვენება? როგორ შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს სახელმწიფოში, ასეთ სისტემაში მუშაობდე და ვითომც არაფერიო, ასეთი სამსახურით არჩენდე ოჯახს!
ერთადერთწამიან კადრის გაელვებას მოვკარი თვალი (მეტი არ მინახავს და არც ვნახავ) და წარმომიდგა ყველაფერი ერთად... მთავრობისა და პარლამენტარებისგან გაყიდულ-განწირული ქვეყანა; უსამართლო "სასამართლო" და "წესრიგის დამცველნი", რომელთათვისაც ადამიანი ოდენ გასატყავებელი არსებაა; ბანკები და ველური კაპიტალიზმის მეცხრე ტალღაზე შემომჯდარი ბიზნესმენები - თანამოქალაქეთა აწმყოსა და მომავლის მიმტაცებლები; რელიგიური მთავრობა - ანტიქრისტეს სამსახურში; არასამთავრობონი - ქვეყნის სხეულზე დახვეული მატლები; ტელევიზია და ბილწი ხელოვნება - გახრწნა-გარყვნის სამსახურში!!!
ყველანი ეშმაკებს შედგომიან და ცდილობენ წაუბილწავი არ დატოვონ არცერთი კაცი.
და ამ საყოველთაო ჯოჯოხეთის ფონზე - რესტორნები გადავსებულია და დღედაღამ ზარზეიმობენ ეს ცოდვისშვილები, ურცხვად შეჰხარიან და შესცინიან ერთმანეთს - თითქოს ეს დღეობა-ღრეობები შავი ფულით კი არა, საღვთო შრომით ჰქონდეთ მოპოვებული.
დარჩა კი სადმე, დედამიწაზე, რაიმე ქრისტეანული სამსახური? რომელია ეს - გლეხის შრომა? მეეზოვე-მენაგვე-მოსამსახურისა? ჰოო, მონებში ყოფნა სჯობია მონათმფლობელებში ყოფნას, ოღონდ, - სულით მონა არ უნდა იყო!
ზვიად ნოდია,
პუბლიცისტი