ვახტანგ ძაბირაძე: "ციხის კადრები დაფარული სახეების გარეშე თუ გამოვა ეკრანზე, სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალია!

ვახტანგ ძაბირაძე: "ციხის კადრები დაფარული სახეების გარეშე  თუ გამოვა ეკრანზე, სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალია!

  "კასრების" თემაზე , ივანიშვილის  ბოლო ინტერვიუზე და  სხვა აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე "ივერიონს" ანალიტიკოსი, ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა: 

-ბატონო ვახტანგ, საკმაოდ ემოციური გამოხმაურება მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის პირდაპირ ეთერში გამოსვლას. თქვენი აზრით, რა თქვა მან ახალი?

 

-ახალი, რაც ადრე არ უთქვამს,  ვერაფერი  მოვისმინე.  მოძველებულ თემებზე ისაუბრა, არადა მოველოდი, რომ  უფრო დეტალურად ისაუბრებდა პრობლემებზე.

 

- იგრძნობოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილის საუბარში,  რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს  მის მიერ დატოვებული გუნდის გამო?

 

-მან შეაქო თავის დატოვებული გუნდი. ჩემი აზრით, თუ რა პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე, მნიშვნელოვანი არ არის, რადგან, აბსოლუტური უმრავლესობა მოსახლეობისა მიიჩნევს, რომ ის არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება.

 

მართალია, ის უარყოფს, რომ არაფორმალური მმართველია, მაგრამ,  მოსახლეობას ამაში ვერ დაარწმუნებს. ისედაც ყველაფერი ნათელია - გადამწყვეტ სიტყვას ის ამბობს და პოლიტპროცესებზე პასუხისმგებლობას მოსახლეობა მას აკისრებს, მათი იმედგაცრუება მისკენაა მიმართული  და არ ღარიბაშვილისკენ. 

 

ივანიშვილი დაბეჯითებით  რომ ამბობს, ჩემს მიმართ მოსახლეობის ნდობა ჭარბიაო,  საკუთარი თავის ასე შეფასება  საფრთხილოა, რადგან ის დღეს მოსახლეობის ჭარბი ნდობით სულაც არ სარგებლობს. მართალია, ივანიშვილი დღეს ყველაზე რეიტინგული ლიდერი, ქარიზმატული ადამიანი,  პოლიტიკური  წონისა და კაპიტალის მქონეა, მაგრამ მოსახლეობას მის მიმართ "ჭარბი ნდობა" სულაც  არ აქვს! 

 

-დღევანდელი საკანონმდებლო ორგანმოს მიმართ მოსახლეობის  დამოკიდებულება უარყოფითია. ივანიშვილიც აღნიშნავს, რომ  მომავალ პარლამენტში დღევანდელ დეპუტატთა ნახევარიც ვერ შევა. თქვენი აზრით, მომავალი პარლამენტი დღევანდელზე უარესი იქნება?

 

- მომავალ პარლამენტარებს ვინ  შეარჩევსო, ხომ არ უთქვამ ბიძინას? მან თქვა, პარლამენტის  წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მივიღებ მონაწილეობას, როგორც "ქართული ოცნების" მხარდამჭერიო. ესე იგი, "ქართული  ოცნების" დეპუტაციის შერჩევაშიც მიიღებს მონაწილეობას? დეპუტატთა კორპუსს კი პარტიის ხელმძღვანელები და ლიდერები აკომპლექტებენ. იმ ორი კაციდან, რომელიც ივანიშვილმა დღეს საქართველოს შესთავაზა, ერთის მიმართ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს,  ვგულისხმობ  პრეზიდენტს, მეორის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავს, ეს თბილისის  მერი დავით  ნარმანიაა. აქედან გამომდინარე, მომავალი პარლამენტიც ისეთი იქნება, როგორსაც ლიდერები შეარჩევენ.  სავარაუდოდ, "ქართული  ოცნება"  იქნება გამარჯვებული პოლიტიკური ორგანიზაცია,მაგრამ,  პარლამენტი რომ მოსაწონი იყოს,  მეეჭვება. 

 

-ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აღიარა, რომ მარგველაშვილის გაპრეზიდენტებისას შეცდა. ბევრი მიიჩნევს, რომ მარგველაშვილი კარგად იქცევა, რადგან ივანიშვილის ჯიბის პრეზიდენტი და მონა არ გახდა, ხოლო სხვები მის ამ საქციელს არაეთიკურს  (არაკაცურს) უწოდებენ  და ბრალს გუნდის ღალატში სდებენ. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?

 

-ჩემი აზრით, ძალიან საინტერესოა, რა თვალით უყურებს დღეს ივანიშვილი მის მიერ შერჩეულ კანდიდატებს. მას დღევანდელი პარლამენტიც  არ მოსწონს, არადა  ესეც  მისი შერჩეულია  და ხვალაც თვითონ აპირებს მის შერჩევას! 

მე არ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვიღაცას და რაღაცას უღალატა. ის არ არის ცუდი პრეზიდენტი, რადგან ყოველთვის მისთვის  კონტიტუციით მინიჭებული ჩარჩოებიდან მოქმედებს... 

 

დღევანდელი გაგებით,  სიტყვა ღალატს შუასაუკუნის ელფერი დაჰკრავს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, დემოკრატია იმას ნიშნავს, რომ მე მაქვს ჩემი პოლიტიკური ლიდერისგან განსხვავებული პოზიციის ქონის უფლება და ეს არ არის ღალატი!.. 

 

-ე.წ. "ციხის კადრებმა" კიდევ ერთხელ შეძრა ქართული, და არა მარტო ქართული, საზოგადოება. არ არის გამორიცხული ასეთი კადრები პერმანენტულად გასაჯაროვდეს. რა მიზანს ემსახურება ეს და ვინ დგას მის უკან?

 

-ეს კადრები რომ არ დაიმალება და მომავალშიც გასაჯაროვდება, ამის საშიშროება მუდამ იარსებებს, რადგან მისი უამრავი ასლი არსებობს. ის, ვინც მისი კასრებში ჩალაგება და დამარხვა მოიფიქრა, იმასაც მოიფიქრებდა, რომ მისი ასლები დაემზადებინა! 

 

ამ კადრების გამავრცელებლის სამი ვარიანტი შეიძლება არსებობდეს, ესენია: ხელისუფლება, "ნაციონალური მოძრაობა"  ან უშიშროების ირგანოები. ეს კადრები ოქროს საბადოა კონტრდაზვერვისათვის. თუ ადრე ამას "ნაციონალები"  ვიღაცის დასაშანტაჟებლად იღებდნენ და იყენებდნენ, დღეს აგენტურის შესაქმნელად ამაზე უკეთესი საშუალება არ არსებობს, ყველა სპეცსამსახურს მოუნდება ამით სარგებლობა. ერთი მხრივ, მმართველი  გუნდისა და  "ნაციონალური მოძრაობის"  დაპირისპირებამ შეიძლება ის ნაყოფი გამოიღოს, რომ მომავალში  ეთერში გამოჩნდეს "გაუშიფრავი" კადრები  და ამან გამოიწვიოს მძიმე დაპირისპირება ხელისუფლებასა  და ოპოზიციას შორის. ეს კადრები დაფარული სახეების გარეშე თუ გამოვა ეკრანზე, აღმოჩნდება ნაღმი, რაც  ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებასაც გამოიწვევს. 

მეორე მხრივ,  ეს კადრები  დღევანდელი ხელისუფლების  წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან მას   "ნაციონალების  დახმარებით"  სურს " ნაციონალური მოძრაობისავე"  სახით შექმნას  წინასაარჩევნო საფრთხობელა  და შეაშინოს  მოსახლეობა. 

-თქვენ გჯერათ, რომ ეს კადრები ნამდვილია, თუ მართლა დადგმული სპექტაკლი გგონიათ, რომელმის "შემქნელმა"  დიდი ფული აიღო, ხოლო დღევანდელ ხელისუფლებას გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა მოაგებინა?

-ზოგადად, როცა "ნაციონალები"  იყვნენ ხელისუფლებაში, მაშინაც ვიცოდი, რომ ასეთი უმსგავსობა ხდებოდა ციხეებში. ეს ბევრმა იცოდა, რაც ამ ე.წ. ციხის კადრებით დადასტურდა. სახელმწიფოში ჯოხს ვერ გადადებ ისე, პირველმა პირმა რომ არ იცოდეს და მაშინდელმა პირველმა პირებმა  არ იცოდნენ  რა ხდებოდა ციხეებში?! რატომ იღებდნენ ასეთ კადრებს ? შანტაჟისთვის. ესაა სპეცსამსახურების რუტინული სამუშაო, მაგრამ სახელმწიფოსთვის დამანგრეველია!

 

                                                    ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: