ნიკა გვარამია უკრაინულ გამოცემაში გავრცელებული სატელეფონო საუბრის ავთენტურობას ადასტურებს
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია უკრაინულ გამოცემა http://uareview.in.ua–ს მიერ გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის და მისი სატელეფონო საუბრის ავთენტურობას ადასტურებს. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს ტოტალური, უკანონო მოსმენები, ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი სივრცე.
"ამის თქმის უფლებას მაძლევს ის, რომ ვერ იარსებებს ვერანაირი სანქცია ფარული მიყურადების შესახებ. ერთადერთი, რის გამოც მე შეიძლება მისმენდნენ, ეს არის 315-ე მუხლით აღძრული საქმე, რომელიც ჩვენის ღრმა რწმენით აღძრულია იმიტომ, რომ ლეგალიზება მოახდინოს ფარული მოსმენების. მაგრამ ეს ჩანაწერი, რომლის ავთენტურობასაც მე ვადასტურებ, არის ჩაწერილი უფრო ადრე, ვიდრე ეს გამოძიება დაიწყებოდა და ამის შესახებ განცხადება გაკეთდებოდა. ეს არის სასამართლო სხდომის შემდეგ გაკეთებული ჩანაწერი და უნდა დავათარიღოთ სავარაუდოდ 19 ოქტომბრით.
პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი არის ჩემი ახლო მეგობარი. მისი პოზიციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა, თუმცა ეს ცხადია არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველაფერში ერთი პოზიცია გვაქვს და ყველფერში ვიზიარებთ ერთმანეთის აზრს.
რაც შეეხება იმ გარემოებებს, რომელზეც არის საუბარი, დიახ, ვადასტურებ, მიხეილ სააკაშვილის აზრით, ჩვენ სიტყვის თავისუფლება უნდა დაგვეცვა იმ მეთოდებით, რა მეთოდებზეც ის საუბრობს, ეს არის შენობის ბარიკადირება, კუნთმაგარი ადამიანების შემოჯარვა და ბოლომდე წინააღმდეგობის გაწევა.
რამდენად გავიზიარე მე ეს დამოკიდებულება ბარიკადების აგების და ა.შ. შეგიძლიათ გახვიდეთ გარეთ, გასულია დაახლოებით 10 დღე ამ საუბრიდან და თუ იპოვით ერთ ბარიკად მაინც მაშინ შეგვიძლია გავაგრძელოთ ამაზე საუბარი", -განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება და პოლიტიკური გემოვნება ისე გადაწყვიტოს კონკრეტული საკითხები, როგორც მას სურს და ის ამისთვის პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც იღებს საკუთარ თავზე.
"ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ძალა. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ბევრ პოლიტიკურ ძალასთან , "ნაციონალური მოძრაობა" არის ერთ-ერთი. საქართველოში არსებულმა ძალიან ბევრმა ოპოზიცურმა ლიდერმა, არა მხოლოდ ამ პარტიიდან, დაახლოებით იგივე შინაარსის მესიჯი გამოუშვა ჩემთან პირად, ასევე სატელეფონო საუბარში, არ გამიკვირდება ეს საუბრებიც დაიდოს, ყველამ დაახლოებით თქვა ერთი და იგივე. ჩვენი წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში არც ერთი ოპოზიციური ლიდერი ამ ქვეყნის არ გამორიცხავს სროლას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, ყველამ გაგვაფრთხილა, რომ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ", - განაცხადა გვარამიამ.