გიორგი კვირიკაშვილი: მცოცავი ანექსიის მოწმეები ვართ!

გიორგი კვირიკაშვილი: მცოცავი ანექსიის მოწმეები ვართ!

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტრატეგიული ქარტიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ ძლიერია და ორივე მხარე სრულად აცნობიერებს ამ თანამშრომლობისა და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას.

 

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის, და განსაკუთრებით აღნიშნა აშშ-ის ძალისხმევა არაღიარების პოლიტიკის გატარებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით დარეგულირების მხარდაჭერისათვის.

 

"ყოველდღე ჩვენ ვართ მოწმეები მცოცავი ანექსიისა, რაც გამოიხატება ტერიტორიების მილიტარიზაციასა და ბორდერიზაციაში, ასევე, ე.წ. შეთანხმებების გაფორმებაში საოკუპაციო რეჟიმებთან, რაც საფრთხეს უქმნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას რეგიონში. ამ კონტექსტში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო აშშ-ის მიერ არაღიარების პოლიტიკის გატარება და ასევე მისი ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ძალისხმევის მიმართ, მშვიდობიანი გზით გადავჭრათ კონფლიქტი.

 

მინდა, განსაკურებული მადლობა გადავუხადო აშშ-ს NATO-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის განხორციელების მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ პროგრესს ნატოში ინტეგრაციის გზაზე და ეფექტურად ვსარგებლობთ ინტეგრაციის ყველა არსებული მექანიზმით, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ჩათვლით. იმედი გვაქვს, რომ NATO-ს სამიტი ვარშავაში სათანადოდ შეაფასებს ქვეყანაში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს. ჩვენ გადავდგამთ ახალ ნაბიჯებს NATO-ში ინტეგრაციისკენ და ჩვენ იმედი გვაქვს აშშ-ის მთავრობის ძლიერი მხარდაჭერის ამ თვალსაზრისით.

 

მსურს, კვლავ დავადასტურო საქართველოს ავღანეთში მიმდინარე "გადამწყვეტი მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობა. მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ის მთავრობას ჩვენი დაჭრილი ჯარისკაცების დახმარებისთვის.

 

ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: