ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში რევოლუციის მომზადება სააკაშვილის ოცნებაა!
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონელ კოლეგასთან შეხვედრაზე, ადგილობრივი ჟურნალისტის მიერ, მიხეილ სააკაშვილის საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ ისეთი ადამიანის ადგილი, რომელიც მისი პარტიის წევრებს და ტელეარხის დირექტორებს აქეზებს, ორგანიზება გაუწიონ რევოლუციას, ციხეშია.
"ნამდვილად არ მსურს აქ სააკაშვილზე საუბარი, თუმცა, რადგან კითხვა დასვით, უნდა გიპასუხოთ. ვფიქრობ, მისი გადაწყვეტილება იყო, მიეღო უკრაინის მოქალაქეობა. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიხედვით კი, იუსტიციის მინისტრი ვალდებული იყო, დაეწყო ლეგალური პროცედურები. რაც შეეხება მის მომავალ პოლიტიკურ მიზნებს, მე ეს არ მაინტერესებს. არ მინდა მისი ადვოკატობა და ვიწინასწარმეტყველო მისი მომავალი, რადგან ამ ადამიანმა უკვე აირჩია საკუთარი გზა და საკუთარი პოლიტიკური მომავალი.
ვფიქრობ, არ არსებობს თავისუფალი სივრცე ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკოსისთვის, რომელიც ახალისებს, აქეზებს მისი პარტიის წევრებს და ტელეარხის დირექტორებს, ორგანიზება გაუწიონ კრიმინალურ დაჯგუფებებს, რევოლუციას. ვფიქრობ, ასეთი ადამიანის ადგილი, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ის - პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი, ციხეშია.
სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრებს შორის შემდგარ სატელეფონო საუბრებში, რომლის ჩანაწერიც გავრცელდა, საუბარია რევოლუციის მომზადებაზე საქართველოში, თუმცა, ეს მხოლოდ მისი ოცნებებია. საქართველო დღეს ძლიერი, დემოკრატიული და სტაბილური ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ გზას ევროპული ოჯახისა და ევროპული მისწრაფებებისკენ, რათა გავხდეთ ევროკავშირისა და NATO-ს წევრი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.