გია ვოლსკი: უკრაინას არ სჭირდება ისეთი ოფიციალური პირი, რომელიც სხვა ქვეყანაში შეთქმულებას აწყობს!
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში კოალიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ ბრიფინგი ჩაატარა. ბრიფინგზე ვოლსკი გამოეხმაურა იმ ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც გუშინ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა.
კოალიციის თავმჯდომარის განცხადებით, მას ესმის იმ ადამიანების აღშფოთების, რომლებიც ამ ჩანაწერებში ჩანან. მას მიაჩნია, რომ შეიძლება ნიჟარაძეს ამ საქმესთან კავშირი არ ჰქონდეს, თუმცა მნიშვნელოვანია, ის რასაც მას მიხეილ სააკაშვილი ეუბნება: „ადამიანი სერიოზულ პროვოკაციებზე მიდის, რათა რაც შეიძლება ბევრი ხალხი ჩართოს ამ საკითხებში. მოკლედ ეს თემა კომიკური იქნებოდა, რომ არა სახელმწიფოს წინააღმნდეგ ასეთი შეთქმულების მოწყობის თავი და თავი მიხეილ სააკაშვილი რომ არ იყოს“.
ვოლსკის განცხადებით, საზოგადოებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ საიდან და ვისგან ვრცელდება ეს ჩანაწერები.
ის საშიშროებას ხედავს ამ თემის განვითარებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ამ ჩანაწერების გავრცელებით ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტს ჩირქი მოეცხო:
„ჩირქი მოეცხო თუნდაც იმიტომ რომ სააკაშვილი ქართველია, თუნდაც იმიტომ რომ კადრებში გავრცელდა, თუ როგორ სისტემურ დანაშაულთან გვქონდა საქმე, როცა გაუპატიურება და წამება ჩვეულებრივი მოვლენა იყო“.
ბრიფინგის დასასრულს, ვოლსკიმ აღნიშნა რომ ისეთი პოლიტიკური ფიგურა, როგორიც მიხეილ სააკაშვილია არ გამოადგება უკრაინის სტაბილურობას:
„მე არ ვამბობ, რომ ის მტყუანია იმ უკანონობებთან დაკავშირებით, რაც ოდესაში ხდება, მაგრამ თვითონ ფორმა მისი საქმიანობის, მოქმედებების და განცხადებების შეიძლება ეს არ იყოს ის, რაც უკრაინის სტაბილურობას სჭირდება. უკრაინის ხელისუფლებას სულაც არ სჭირდება ჰყავდეს ისეთი ოფიციალური, მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც სხვა ქვეყანაში რევოლუციური მოძრაობის წახალისებას უწყობს ხელს“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
მედეა შელია