ლია მუხაშავრია: ასე ნაჩქარევად, ამ საკითხის განხილვა უცნაურია
უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ასე ნაჩქარევად, სხდომის გამართვის გარეშე საკითხის განხილვა, უჩვეულოა.
როგორც უფლებადამცველი განმარტავს, ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლო ზეპირ მოსმენას მართავს, მხარეებს უსმენს, მათ არგუმენტაციას ან იზიარებს გადაწყვეტილებაში, ან არა, თუ უარყოფს, ასაბუთებს რატომ.
ლია მუხაშავრია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მანანა კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც კობახიძე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გვერდი აუარა არსებულ პრაქტიკას და "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო.
"ასე ნაჩქარევად, ღია სხდომის გამართვის გარეშე ამ საკითხის განხილვა ცოტა არ იყოს უცნაურია და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისთვის უჩვეულოა. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ საზოგადოების ასეთი მაღალი ყურადღება არსებობს "რუსთავი 2"-ის საქმეზე და ასევე ყველა იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რაც ამ ტელევიზიის მიმართ ხორციელდება. ამავე დროს, არანაირად არაა გამართლებული პოლიტიკოსების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასება და გადაწყვეტილების მიღების ან პროცედურის შეფასება, განსაკუთრებით ნეგატიურ კონტექსტში, იმიტომ, რომ საერთოდ სასამართლოს რეპუტაციას ძალიან სერიოზულად აზიანებს და ძირს უთხრის, მით უფრო, რომ საზოგადოების თვალში სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემას ამ ქვეყანაში არ აქვს მაღალი ნდობა და კარგი რეპუტაცია", - განაცხადა მუხაშავრიამ.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი, როგორც წესი, ტარდება ზეპირი მოსმენის გარეშე.
საკონსტიტუციო სასამართლოში აცხადებენ, რომ თითოეულ საქმეს იმ ვადაში იხილავენ, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად.
"ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, განმწესრიგებელი სხდომა ტარდება ზეპირი მოსმენით, როდესაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა არგუმენტების მოსმენა აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად, ან მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები საჭიროებს დაზუსტებას. ვინაიდან N675 კონსტიტუციურ სარჩელში ნათლად და არაორაზროვანდ იყო მითითებული ყველა ის საკითხი, რისი გამორკვევაც აუცილებელია საქმის არსებითად განსახილველად მიღებისთვის და, ამასთან, სასამართლოს ჰქონდა პასუხი სადავო ნორმის შეჩერების საკითხის გადასაწყვეტად მისთვის ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ დაინახა განმწესრიგებელი სხდომის ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობა", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.