ირაკლი ღარიბაშვილი"რუსთავი2"-თან დაკავშირებით გაცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "რუსთავი2"თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულს ივერიონი უცვლელად გთავაზობთ:
"მინდა გამოვეხმაურო ტელეკომპანია "რუსთავი-2-ის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს და მკაფიოდ და ნათლად დავაფიქსირო ხელისუფლების პოზიცია.
ტელეკომპანია "რუსთავი-2-თან" დაკავშირებით მიმდინარე პროცესი არის კერძო კომპანიის მფლობელობასთან დაკავშირებული სასამართლო დავა. ბუნებრივია, რომ ორივე მხარე იყენებს ყველა არსებულ იურიდიულ ბერკეტს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად.
ჩვენი, ხელისუფლების ვალია უზრუნველყოს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სრულად იქნება დაცული სასამართლოს და მედიის დამოუკიდებლობა, რადგან სწორედ ამ ორ უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ ინსტიტუტზე დგას ჩვენი სახელმწიფოს განვითარება.
ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, ასეთ სახელმწიფოში კი კერძო სასამართლო დავას და, მით უფრო, მასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური სარჩული. ასეთი საქმეები 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ ჩავაბარეთ ისტორიას.
ჩვენ ვაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც მედიის თავისუფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და სადაც ამ თემით სპეკულირების უფლება არავის აქვს.
ამ საქმესთან დაკავშირებით მიუკერძოებელი გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი სასამართლოს პრეროგატივაა.
პროცესი უნდა წარიმართოს მაქსიმალურად ღიად, რათა საზოგადოებამ მიიღოს დეტალური ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.
ხელისუფლებამ, მედიამ, სასამართლომ და საზოგადოებამ – ყველამ უნდა უზრუნველვყოთ როგორც მედიის, ისე სასამართლოს დამოუკიდებლობა, რათა არავის მხრიდან არ მოხდეს ამ ინსტიტუტების გამოყენება ვინმეს პარტიული თუ პოლიტიკური მიზნებისთვის".