რამაზ საყვარელიძე: ვიღაცამ ხომ უნდა გაანძრიოს ტვინი?!
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით ნიკა გვარამია რამდენიმე მიზეზის გამო შეეცდება, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე თანამდებობა შეინარჩუნოს.
"ჩემსა და ნიკა გვარამიას შორის რამდენიმე განსხვავებაა: პირველი - დიდი ხელფასი, ამიტომ ის, ბუნებრივია, ნებისმიერი ხერხით ეცდება ადგილის შენარჩუნებას. მეორე - თანამდებობა რომ დატოვოს ვინ იქნება ნიკა გვარამია? სანამ იბრძვის, მანამ ფიგურაა და ეს ადგილი რომ დატოვოს, ერთი კვირის შემდეგ ვის ემახსოვრება მისი არსებობა?! ამიტომ ცდილობს ფიგურად დარჩეს. სხვა განსხვავებებზე აღარ ვისაუბრებ." - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში "2030."
"საერთოდ, კომიკური ქვეყანა ვართ. როცა იმედში ავტომატებით შეცვივდნენ, ამბობდნენ, რომ დიქტატურა არ დაკანონდა და ქვეყანა დემოკრატიისკენ მიდის და დღეს ვლაპარაკობთ დიქტატურის დაკანონებაზე? ოდნავ სერიოზული ერი ხომ უნდა ვიყოთ, ხანდახან მაინც?! იმედი ვიქონიოთ, რომ მოსახლეობა უფრო ფხიზელი თვალით აკვირდება ამ ყველაფერს, ვიდრე პოლიტიკოსები და პოლიტიკით დაინტერესებული პირები და სწორ დასკვნას გამოიტანს. ვიღაცამ ხომ უნდა გაანძრიოს ტვინი?! ოპოზიციას, გასაგებია, რომ არ აწყობს სიმართლის თქმა, მაგრამ მათ გარდა ხალხი ხომ ვცხოვრობთ ქვეყანაში?!"- აღნიშნავს საყვარელიძე.