ზვიად კვაჭანტირაძე: ჩვენ ვიცავთ მედიაპლურალიზმს!
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, პრეზიდენტი უმრავლესობას მოუწოდებს, იყოს მიუკერძოებელი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, თუმცა, მისი თქმით, აღნიშნულს პრეზიდენტი ვერ იცავს.
"საელჩოების განცხადებაში ხაზგასმით წერია, რომ მოუწოდებენ პოლიტიკურ პირებს თავი შეიკავონ ნებისმიერი განცხადებისგან, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ქართულ მართლმსაჯულებას, საქმე მიუკერძოებლად განსაჯოს. ჩვენ კი ამ დღეების განმავლობაში მხოლოდ პოლიტიკოსებს ვთხოვთ ახსნა-განმარტებებს და გვინდა, რომ პოლიტიკური კონტექსტი კიდევ უფრო გავაძლიეროთ. საუბედუროდ, ეს პოლიტიკური კონტექსტი იმდენად მაღლა არის აწეული, რომ უკვე პრეზიდენტიც, თითქოს მისი ყოველდღიური საქმიანობა იყოს ეს, გამოდის წარბშეკრული და თითების ქნევით ჩვენი მისამართით და მოგვიწოდებს იმისკენ, რასაც თვითონ ვერ იცავს, რომ იყოს მაქსიმალურად მიუკერძოებელი. ჩვენ ვიცავთ მედიაპლურალიზმს, ჩვენ არ გვაშინებს "რუსთავი 2", - განაცხადა კვაჭანტირაძემ გადაცემაში "2030".