ნოდარ ჯავახიშვილი: რა ქნას ხელისუფლებამ, ჩაერიოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში?
ვის რა უნდა, გამაგებინეთ, "ფრიდომ ჰაუსია" ეს, თუ "რუსთავი 2"?,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით "ფრიდომ ჰაუსის" შეფასების საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ჯავახიშვილმა აღნიშნა, მას ეს განცხადება არ მოუსმენია, თუმცა მინისტრისთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი.
"როგორც ჩანს, მათ არ იციან რაზეა საუბარი. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით - რამდენი ხანია, მიდის ეს საკითხი და ვერავინ გამცა პასუხი. რა გინდათ, სამართლიანობა არ უნდა აღდგეს? ადამიანი თუ ჩივის, სასამართლომ არ განიხილოს ეს საკითხი? ვის რა უნდა, გამაგებინეთ, "ფრიდომ ჰაუსია" ეს, თუ "რუსთავი 2"? თუ მოქალაქემ ვიჩივლე და სასამართლომ არ განიხილოს? მაპატიეთ, მე სულ არ ვიცოდი, ყარამანაშვილებისაა ეს "რუსთავი 2", თუ ვისი და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ეს. სხვა ტელევიზიებში როგორ არის, არ იცვლებიან დამფუძნებლები?" - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
"ანუ ერთი ყოფილი ჩივის და სასამართლომ არ განიხილოს? სად მივდივართ მაშინ? ჰკითხეთ ერთი, ეს "ფრიდომ ჰაუსი", თუ ვინც გინდა იყოს, ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, რა ქნას ხელისუფლებამ, ჩაერიოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში? ეს აბსოლუტურად გაუგებარია ხომ?" - განაცხადა ჯავახიშვილმა.
საერთაშორისო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსის" ვიცე პრეზიდენტი რობერტ ჰერმანი მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2-ის" საქმე ქართული სახელმწიფოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.
ჰერმანთან ინტერვიუს "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ მედიაში ჩარევა უნდა შეწყვიტოს. როგორც ამერიკის ხმა წერს, ასეთი მოწოდებით გამოეხმაურა ადამიანის უფლებების დამცველი ამერიკული ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსი" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეს, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპანიის ორ დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა და დროებით მმართველებად არხის ყოფილი მფლობელი დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი, ასევე ნაციონალური მაუწყებლის - ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი გენერალური დირექტორი დაინიშნენ.
რობერტ ჰერმანის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის საკითხი უფრო დიდი პრობლემის ნაწილია, რაც საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას, უგულვებელყოფს სამართლებრივ პროცესებს და უარყოფს კანონის უზენაესობას. ჰერმანი ამ ყოველივეს მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მოსაზრებების ცენზურის მცდელობად აღიქვამს.