პაატა ზაქარეიშვილი:მოგერინის ჩამოსვლას "რუსთავი 2"-თან საერთო არ აქვს

პაატა  ზაქარეიშვილი:მოგერინის ჩამოსვლას "რუსთავი 2"-თან  საერთო არ აქვს

ვიზალიბერალიზაცია ეხება არა მარტო ქალბატონ მოგერინს, არამედ ეს მთელი ევროკავშირის საკითხია, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. 

 

ზაქარეიშვილის განმარტებით, ფედერიკა მოგერინის საქართველოში ვიზიტი აღნიშნულ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას არ უკავშირდება. 

 

"ქალბატონი მოგერინის საქართველოში ვიზიტი დიდი ხნით ადრე დაიგეგმა, ვიდრე შეიძლებოდა ვინმეს ეფიქრა, რომ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული საკითხი ამ დონეს მიაღწევდა, ამიტომ არანაირი საერთო მოგერინის ჩამოსვლას "რუსთავი 2"-თან არ აქვს, თუმცა ბუნებრივია, ქვეყანაში არსებული პრობლემები მისი ინტერესების სფეროში იქნება. ქალბატონი მოგერინი ჩამოდის იმიტომ, რომ საქართველოში ხვალიდან სერიოზული კონფერენცია იწყება, რომელიც სწორედ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას და გენდერულ საკითხებს შეეხება. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ვიზალიბერალიზაცია ეკუთვნის არა მარტო ქალბატონ მოგერინს, არამედ ეს მთელი ევროკავშირის საკითხია და ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული. ყველა საშინაო დავალება შესრულებულია. წლის ბოლომდე ველოდებით შეფასებას", - განაცხადა ზაქარეიშვილმა. 

 

სახელმწიფო მინისტრის აზრით, ვიზალიბერალიზაციის პროცესის ინსტიტუციონალური დასრულების შემდეგ, საქართველოს პასპორტების მიმართ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მხრიდან ინტერესი გაიზრდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: