გიორგი კვირიკაშვილი: გვაქვს მოლოდინი, რომ ანგარიში იქნება დადებითი

გიორგი კვირიკაშვილი: გვაქვს მოლოდინი, რომ ანგარიში იქნება დადებითი

საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი სამუშაოები გასწია ვიზალიბერალიზაცის სამოქმედო გეგმით არსებული დავალებების შესრულების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

 

 მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს ევროკომისიის ანგარიშში დადებითად იქნება შეფასებული საქართველოს მიღწევები, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველი გახდება.

 

"საქართველომ გასწია უდიდესი სამუშაო საშინაო დავალების შესრულების კუთხით, ტექნიკურ დავალებათა ჩამონათვალში პრაქტიკულად ყველა მუხლი არის შესრულებული. ხშირ შემთხვევაში ჩვენ გავცდით კიდევაც იმ სავალდებულო ჩარჩოებს, რომლებიც მოცემული გვქონდა. 

ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს იმისა, რომ რაიმე ტექნიკური ხარვეზი იქნას აღმოჩენილი ტექნიკურ დავალებათა ჩამონათვალში. ასე რომ, ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ანგარიში, რომელიც უნდა იქნას გამოქვეყნებული დეკემბრის შუა რიცხვებში, იქნება დადებითი. 

რაც შეეხება ამის შემდგომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომ საქართველოსთვის გახსნილი იქნას ვიზალიბერალიზაციის საკითხი, ანუ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ ვიზის გარეშე იმოგზაურონ ევროპის ტერიტორიაზე, აქაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკმაოდ დადებითი პერსპექტივაა. მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ფედერიკა მოგერინის ვიზიტს, მის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საქართველომ ნამდვილად დიდ პროგრესს მიაღწია და დიდი ალბათობით ჩვენ უნდა ველოდოთ პოზიტიურ ახალ ამბებს ამ მიმართულებით. 

 

ასევე ჩვენ, მთავრობის ყველა სტრუქტურა, რა თქმა უნდა, ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, ევროპულ სახელმწიფოებთან ორმხრივ რეჟიმში, რათა მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მათ ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმების თაობაზე და მაქსიმალურად განვუმარტოთ, რომ რისკები ამ მიმართულებით საქართველოს მხრიდან არ არსებობს. საქართველო იქნება პასუხისმგებლიანი პარტნიორი ევროპისათვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

მისი თქმით, რეფორმები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, მნიშვნელოვანი პროცესია თავად ქვეყნის ტრანსფორმაციისა და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. 

 

"ეს რეფორმები არ არის მხოლოდ მნიშვნელოვანი ვიზალიბერალიზაციის მიზნის მიღწევისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს რეფორმები არის მნიშვნელოვანი ქვეყნის ტრანსფორმაციისთვის. იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო. იმისათვის, რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენს მოქალაქეებს ყოველნაირი ვიზალიბერალიზაციისგან დამოუკიდებლად გაუმარტივდეთ ცხოვრება თვითონ ქვეყანაში. იმისათვის, რომ იყოს გამჭვირვალე გარემო და ჭეშმარიტად დემოკრატიული გარემო ქვეყანაში ცხოვრებისათვის. მაგრამ, ჩვენი მიზანი არის ევროპასთან დაახლოება და თავისუფალი მიმოსვლა ევროპულ სივრცეში. თავისუფალი მიმოსვლის გარეშე, ვერ იქნება ეფექტიანი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროპასთან, რადგან თავისუფალი მიმოსვლა ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია", - აღნიშნა კვირიკაშვილმა. 

 

ევროკომისია ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პროგრესის ამსახველ მეოთხე ანგარიშს დეკემბერში გამოაქვეყნებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: